მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხუნდაძე: ზაფხული გამოვიყენოთ არა ზეიმისთვის, არამედ მზადებისთვის

ქართული ოცნების მაჟორიტარი, 2020

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კორონავირუსის მეორე ტალღა შესაძლოა, უფრო დამანგრეველი იყოს, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საუბრობს.

მისი თქმით, მეორე ტალღა მოსალოდნელია შემოდგომაზე, შესაბამისად, ზაფხულის პერიოდი მოსამზადებელი უნდა იყოს.

„ყველა ქვეყანა ემზადება შესაძლო მეორე ტალღისათვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პირდაპირ მოგვიწოდებს, რომ კოვიდის მეორე ტალღა შესაძლოა გამანადგურებელი იყოს. შემოდგომაზე შესაძლოა სერიოზული დარტყმა მივიღოთ, კორონავირუსთან ერთად გააქტიურდეს სეზონური გრიპი, იყოს წითელათი ინფიცირების სერიოზული ზრდა. ზაფხულში შეინიშნება ვირუსის აქტივობის დაქვეითება, შესაბამისად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, ეს პერიოდი გამოვიყენოთ არა ზეიმისთვის, არამედ მზადებისთვის“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე, სადაც შეზღუდვების გახანგრძლივებაზე კანონპროექტს განიხილავენ.

დეპუტატის თქმით, ქვეყანაში ქრონიკული დაავადებების არასახარბიელო მაჩვენებელია, ასაკოვანი ჯგუფი კი, მოსახლეობის 20%-ია, რომლებიც რისკ ჯგუფს წარმოადგენენ.

„უნდა გავუფრთხილდეთ მშობლების თაობას, რადგან ისინი რისკ ჯგუფს წარმოაგდენენ. ხელისუფლებას ისევ პარლამენტმა მივცეთ უფლება, რომ არეგულიროს კრიზისი და ეს პოზიტიური შედეგი მივიყვანოთ ბოლომდე“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატმა კიდევ ერთხელ განმარტა, რა ნაწილში ფართოვდება მთავრობის უფლებამოსილება:

საზღვრების კონტროლი - დეპუტატის განმარტებით, ვინაიდან ბოლო დროს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ძირითადად იმპორტირებულია, აუცილებელია მთავრობამ საზღვრების ეპიდემიოლოგიური კონტროლი განახორციელოს.

საკარანტინო სივრცეების მართვა- დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, ვინაიდან საზღვრები ეტაპობრივად იხსნება, საკარანტინო ზონები უნდა გაფართოვდეს, სადაც საზღვარგარეთიდან შემოსული პირები 14 დღიან საიკუნბაციო პერიოდს გაივლიან.

საკუთრების უფლების მართვა - დეპუტატის თქმით, ეს ეხება კლინიკებს და ლაბორატორიებს.

ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, რომლის თანახმადაც პანდემიის პირობებში მთავრობას შეზღუდვების დაწესებაზე უბლებამოსილება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.

მთავრობას პარლამენტის მიერ მინიჭებული უფლებამოსილება 15 ივლისს ეწურება.