მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრემლის კვალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში - მოლოდინი და ექსპერტების შეფასება

რუსეთი ჩარევა საქართველოს 2020-ის არჩევნებში

საქართველოში ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ რუსული დეზინფორმაცია აქტიური და კრეატიულია. შესაბამისად, ამერიკულ მხარეს აქვს მოლოდინი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველო რუსეთის აშკარა სამიზნე გახდება.

რუსეთის მხრიდან საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესებით დაინტერესება საქართველოსთვის ახალი არ არის.

რა არის კრემლის მიზანი საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში? კონკრეტულად, რა გზას შეიძლება დაადგეს ოფიციალური მოსკოვი იმისთვის, რომ ქართულ შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს? როგორი იქნება რუსული კვალი ქართულ არჩევნებში? PIA.GE-ს ამ და სხვა კითხვებს პოლიტოლოგები პასუხობენ.

რუსული პროპაგანდა საქართველოში

პოლიტოლოგები ჩვენთან საუბარში ცალსახად აღნიშნავენ, რომ კრემლი ქართულ პროცესებში ჩარევისთვის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ინსტრუმენტად დეზინფორმაციას და სოციალურ ქსელებს გამოიყენებს.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საქართველოში რუსეთის მანიპულაციებს ქრონიკულ უბედურებას უწოდებს. პოლიტოლოგი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რუსეთი პრაქტიკულად არ წასულა ჩვენი ქვეყნიდან.

„რუსეთი საქართველოს არჩევნებსა და სხვა საქმეებში ყოველთვის ერეოდა. შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, საქართველოდან რუსეთი არ წასულა. საქართველოში ყოველთვის იყო რუსეთი, ამერიკისთვის თუ მოულოდნელი იყო ტრამპის არჩევნების დროს რუსეთის ჩარევა, ჩვენთვის ეს ქრონიკული უბედურებაა. ამას დაემატა სოციალური ქსელები და ამ ქსელებით, რა თქმა უნდა, რუსეთი ჩაერევა. გულუბრყვილოა ის ვინც ფიქრობს, რომ ამას რუსეთი არ გააკეთებს“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

რაც შეეხება კრემლის მიზანს, პოლიტოლოგი რუსეთის ზოგად მიზანზე საუბრობს და მაგალითად პრეზიდენტ პუტინის განცხადება მოჰყავს.

„გაჟღერდა პუტინის განცხადება, რომ თურმე რუსეთმა მიწები დაკარგა და ზოგადად საბჭოთა კავშირის აღდგენის იდეა ნელნელა კი არ ცოცხლდება, უფრო საფუძვლიან და სახიფათო მიმართულებას იძენს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსეთი ეცდება, არჩევნებს არ მიეცეს ლეგიტიმაცია, ამისთვის შეიქმნას არასტაბილური კერები საქართველოში, იმ პირების გაშავება, რომელიც რუსეთისთვის პრინციპულად მიუღებელია. ძლიერ პოლიტიკურ ძალებს შორის შეეცდება, რომ დაპირისპირება გააღრმავოს და საქმე მიიყვანოს იქამდე, რომ არჩევნების შედეგები დასვას კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს არის ყველაზე კარგი რუსეთისთვის. ამისთვის გამოიყენებს სოციალურ ქსელებსაც, გავლენის აგენტურასაც და ყველაფერს, რისი საშუალებაც მას ექნება. თუ რუსეთი შეძლებს, რომ არჩევნების შედეგები დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არჩევნების მეორე დღეს ქვეყანაში არასტაბილური ვითარება შეიქმნება, მაგრამ იმის საფუძველი შეიქმნება, რომ ქვეყანა მუდმივად იყოს არასტაბილურობის ზღვარზე. ეს არის ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი, რასაც ქართული პოლიტკური საზოგადოებრივი სპექტრი უნდა გაუმკლავდეს და ამაში ლომის წვლილი მიუძღვის ხელისუფლებას. რუსეთი ეცდება, რომ საქართველოს არჩევნების არალეგიტიმურობა დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს, შტატებსა და დასავლეთს საქართველოში დესტაბილიზაცია არ აწყობთ. ამ შემთხვევაში მათი პოზიციები კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს მიაჩნია, რომ რუსეთი საქართველოში წინასაარჩევნოდ ჯერ კიდევ სწავლობს სიტუაციას და ეცდება, რომ ფრთხილად იყოს.

„ვინაიდან საქართველოში დღეს არ არის ისეთი ვითარება, რომ ორი ძალა უპირისპირდებოდეს ერთმანეთს, როგორც ადრე იყო და კრემლს უადვილდებოდა არჩევანის გაკეთება, მაგრამ როდესაც შეიძლება ბევრი ლოკალური ჯგუფები გამოჩდეს საარჩევნოდ, ამიტომ რუსეთი ცოტა ფრთხილად იქნება. რუსეთისთვის მხარის დაჭერა დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით არ მგონია, რომ ვინმესთვის აქტუალური იყოს. არჩევნები ჯერ შორს არის, თუმცა, რუსეთისთვის ფავორიტთა პატარა ჯგუფი ჯერ არ ჩამოყალიბებულა, დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, ღიად პრორუსულ პოლიტიკას ვერცერთი პარტია ვერ დაიკავებს საქართველოში. ეს არ არის უკრაინა, არც ბელარუსი“, - აღნიშნა ცინცაძემ.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ რუსეთს ელექტორატში მხარდაჭერა გააჩნია, თუმცა მისთვის დამღუპველია ის იმიჯი და რეპუტაცია, რომელიც მას გაააჩნია.

„რუსეთს ელექტორატში მხარდაჭერა გააჩნია. საქართველოში მეხუთე კოლონა არ არის და ესაა ჩვენი ხსნა. რუსეთმა საქართველოში ვერ შეძლო ელექტორატში თავისი გავლენისა და მიზიდულობის ჯგუფების შექმნა, ვინც დიდი სიმპათიით არის გამწყობილი და იტყვის, რომ „მირჩევნია რუსეთის გავლენა იყოს საქართველოში, ვიდრე რომელიმე ადგილობრივი პარტიის გავლენა“. საქართველოში ღიად ასეთი ძალები არ არიან, ფარულად თუ მოქმედებენ, ხელფეხშეკრულნი არიან. რუსეთს ისეთი რეპუტაცია აქვს, რომ აღნმოჩნდეს მთვარეზე არჩევნებია, ყველა დარწმუნებით იტყვის, რომ ერევა საქმეებში. რუსეთს, პირველ რიგში, ღუპავს რეპუტაცია, მტაცებლის, აგრესორის რეპუტაცია აქვს და სადაც ხელი მიუწვდება, ყველგან არაგულწრფელია, მხოლოდ საკუთარი მერკანტილური გავლენის ინტერესებზე მზრუნავია. ამიტომ ეს მოლოდინიც ბუნებრივია. მათ ნდობის დეფიციტი აქვთ, აღარავინ ენდობათ, თვით ლუკაშენკოც კი. რუსეთის ჩარევა რეალური საფრთხეა და თუ შესაძლებლობა მიეცა, უკან არ დაიხევს და სათავისოდ გამოიყენებს, რასაკვირველია“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

PIA.GE-სთან საუბარში რუსეთის მხრიდან არჩევნებში შესაძლო ჩარევასა და მოლოდინების შესახებ საუბრობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

საყვარელიძის თქმით, ოფიციალური მოსკოვი ეცდება, რომ არჩევნებში მეტი ძალა მოიპოვოს იმ სუბიექტებმა და პარტიებმა, რომლებიც რუსეთის პოლიტიკისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება.

„ლაპარაკი იმაზე, რომელი არ იქნება ხელსაყრელი რუსეთისთვის, ძნელი სათქმელია. იმიტომ რომ დამოუკიდებულია. რუსეთის სტრატეგიულ მონახაზზე, როგორი სტრატეგიული გეგმები აქვს ზოგადად. ამერიკელების ვარაუდი ეყრდნობა იმას, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს იმ პარტიებს, რომლებიც რუსეთს არ აგინებენ და შეეწინაღმდეგება იმ პარტიებს, რომლებიც რუსეთს აგინებენ. დაახლოებით ასეთია ამერიკელების წარმოდგენა. მაგალითად, ტრამპს საყვედურობდნენ, რატომ არ აგინებ რუსეთსო, ამ დროს ტრამპი ნამდვილად არ აგინებს რუსეთს, მაგრამ თანმიმდევრულად ახორციელებს ნაბიჯებს, რომელიც რუსეთისთვის ფრიად უსიამოვნოა. მოქმედების პოლიტიკის მხრივ ვინ იქნება რუსეთისთვის უფრო მისაღები, ეს მათზეა დამოკიდებული. ამერიკული მხარის განცხადებას, რომ რუსეთი შეეცდება 2020-ის არჩევნებში ჩაერიოს, ფონად მოსდევს ის, რომ რუსეთი ჩაერია აშშ-ის არჩევნებში. რუსული ჩარევის იდეა არცერთი ამერიკელისთვის უცხო არ არის“, - დასძინა რამაზ საყვარელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომებრს არის დაგეგმილი.