მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისის მერს ოქტომბერში აირჩევენ

საარჩევნო ყუთი

"საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, ქუთაისის მერის რიგგარეშე არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.

კანონმდებლობის თანახმად, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება მაისში ან ოქტომბერში. თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა, უახლოეს მაისში.

ვინაიდან, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა, რიგგარეშე არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება. ზუსტ თარიღს ცესკო დაადგენს.

ოქტომბერშივე უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნებიც.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ვინაიდან ინფექცია ახალია, ზუსტი პროგნოზი ვერ კეთდება, როდის დაუბრუნდება ქვეყანა ჩვეულ რითმს.

პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ზაფხულში ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს მიიღებენ, 31 ოქტომბერს კი, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.