მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია ცქიტიშვილი: არ გავჩერებულვართ, პირიქით, მაღალი ტემპით მივდივართ

ვიცე-პრემიერი 2020

"ჩინეთთან საზღვრების ჩაკეტვის გამო გვქონდა შეფერხება რიკოთის მონაკვეთებზე, თუმცა პროექტი არ გაჩერებულა არც ერთი დღით. ცხადია, მოგვიწია ფიქრი კარანტინზე, ტესტირებებზე, რეგულაციების დანერგვაზე, თუმცა, მოვახერხეთ და არ გაგვიჩერებია სამუშაოები",- განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების დინამიკის შეფასებისას. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამუშაოები არ შეჩერებულია არც ერთ დიდ პროექტზე, სადაც საგანგებო ვითარების დროს დასაქმებული იყო 3000-ზე მეტი ადამიანი. 

"საგანგებო ვითარების მიუხედავად, 26 მაისის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით მეტი შესრულება გვაქვს. არათუ არ გავჩერებულვართ, არამედ გაცილებით მაღალი ტემპით მივდივართ. ოპოზიციას მუდმივად აქვს სურვილი აჩვენოს მოსახლეობას, რომ მთავრობა რაღაცას ვერ აკეთებს კარგად, თუმცა გეტყვით, რომ 6000 პროექტი აქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ეს ყველაფერი შენდება ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნისთვის. ხელისუფლება მიდის და მოდის, პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ გაკეთებული საქმე რჩება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ",-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა. 

მაია ცქიტიშვილმა აუდიტის 2019 წლის შეფასებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასკვნაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამი პროექტი მოხვდა. ერთ-ერთია რიკოთის გვირაბის ის მონაკვეთი, სადაც დონორის ჩანაცვლება მოხდა, თუმცა ამ პროექტზე კონტრაქტორი კომპანია უკვე სამობილიზაციო სამუშაოებს იწყებს. 

„ასე რომ, როდესაც 6000 პროექტზე ვსაუბრობთ, სამ პროექტზე შეიძლება 1 წლის განმავლობაში იყოს შეფერხება, თუმცა ისეც უნდა გვახსოვდეს, რომ 2019 წელს რეკორდული რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტები შესრულდა. შარშან, სხვადასხვა მიმართულების სამუშაოებში, წინა წელთან შედარებით, 30%-ით მეტი ინვესტიცია ჩავდეთ და ჯამში, ნახევარი მილიარდი ლარით მეტი პროექტი დაფინანსდა,”-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.