მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია ცქიტიშვილი: ვალდებული ვართ დავიცვათ ეკონომიკისა და მოსახლეობის ინტერესებსა და ვირუსის გავრცელების მართვას შორის

ჩვენთვისაც მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს დგას ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე

არც ერთი ბიზნესისთვის არ არის  სასურველი რაიმე სახის შეზღუდვები და ჩვენთვისაც მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს დგას ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. 

 

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ამ გადაწყვეტილებით ბიზნეს სექტორში დასაქმებული ათასობით ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასთან ერთად ითვალისწინებს წარმოქნილ სირთულეებს და დასახმარებლად მათ საკომპენსაციო პაკეტს სთავაზობს.

მაია ცქიტიშვილის თქმით, შემუშავებული მხარდაჭერის პაკეტის ჯამური ღირებულება მილიარდ ას მილიონ ლარს აღემატება და სხვადასხვა სახის დახმარებას ითვალისწინებს.

„სარესტორნო სექტორის თანამშრომლებისთვის ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება გაიცემა დამსაქმებლების მოთხოვნის შესაბამისად. ასევე გათვალისწინებულია დახმარებები, როგორც ჩვენი სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეიძლება, აღნიშნული ეკონომიკური კრიზისი შეეხოს. კერძოდ, თუ ისინი სამსახურს დაკარგავენ, ან შემოსავალი შეუმცირდებათ. ჩვენი აზრით, საკომპენსაციო ღონისძიებები ამ ადამიანებს ყოფას ნაწილობრივ მაინც შეუმსუბუქებს “, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, უშუალოდ ბიზნესზე ორიენტირებული პაკეტი მიმართულია ტურისტული და სარესტორნო სფეროსთვის და ისინი წლევანდელის მსგავსად, 2021 წელსაც გათავისუფლდებიან ქონების გადასახადებისგან.

„ ასევე ჩვენ ჩამოვწერთ 4 თვის განმავლობაში გადავადებულ საშემოსავლო გადასახადს და გარდა ამისა, კიდევ ერთხელ, 6 თვის განმავლობაში აღნიშნულ ბიზნესებს შევთავაზებთ საშემოსავლო გადასახადის ნაწილობრივ სუბსიდირებას”, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ არსებული შეზღუდული რესურსის პირობებში, მთავრობა ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა დასახმარებლად ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს და ამასთან ერთად, ბანკებთან თანამშრომლობს ინდივიდუალურ რეჟიმში მათი სესხების რესტრუქტურიზაციაზე.

„ეს არის რთული ბალანსი , რომელიც ვალდებული ვართ დავიცვათ ეკონომიკის ინტერესებს, მოსახლეობის ინტერესებს და ვირუსის გავრცელების მართვას შორის“,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.