მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია ცქიტიშვილი: თბილისელები იამაყებენ, რომ ჩვენც გვექნება ცენტრალური პარკი

საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი

„ასეთი ტიპის პროექტის განხორციელება ძალიან ბევრი ადამიანის ოცნება იყო, განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც ახლო რეგიონში ცხოვრობენ. ზოგადად, ყველა თბილისელისთვის საამაყო იქნება, რომ ჩვენს ქალაქსაც ექნება მსოფლიო დონის ცენტრალური პარკი,“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილმა „ქართუ ფონდის“ ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ქართუ ფონდი“, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი წლების განმავლობაში აკეთებს ამ საქმეს. თქვენ ვერ ნახავთ საქართველოს ვერც ერთ რეგიონს, სადაც „ქართუ ფონდს“ არ აქვს გაკეთებული ინვესტიცია, ეს იქნება ძეგლების აღდგენა, საგანმანათლებლო პროექტები, თეატრებზე ზრუნვა, საზოგადოებრივი თუ სპორტული სივრცეები და ასეთი ტიპის მწვანე პროექტები, “- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ეს პროცესი მუდმივ რეჟიმში, დაახლოებით 30 წელია მიმდინარეობს.

„ეს არის ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის ხელწერა, რომელიც წლების განმავლობაში არის მიმართული საკუთარი ქვეყნის ზრუნვაზე. რამდენიმე თვის წინ ვნახეთ, რომ დენდროლოგიური პარკი გაიხსნა, კიდევ რამდენიმე თვის წინ დასრულდა ქუთაისის უნივერსიტეტის მშენებლობა და გამწვანების პროექტები“, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ქართუ ფონდი“ სრულად, რამდენიმე მილიონით დააფინანსებს ცენტრალური პარკის მოწყობას, მანამდე კი კერძო პირებისგან იპოდრომის ტერიტორიის გამოსყიდვის შედეგად ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა სახელმწიფო ბიუჯეტში 52 მილიონი დოლარი გადაიხადა.