მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე - ეს ადამიანი თვითონ აღარ არის ადეკვატური

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

„სააკაშვილის განცხადებებზე ამ ბოლო დროს ძალიან ჭირს ადეკვატური და რელევანტური კომენტარებს გაკეთება, იმიტომ, რომ ეს ადამიანი თვითონ აღარ არის ადეკვატური“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლეობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიას წარმოადგენს.

მისი თქმით, არის საკითხები, რომელზეც ასეც რომ ფიქრობდე, არ უნდა ილაპარაკო, რადგან შენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

„არის რაღაც საკითხები, ასეც რომ ფიქრობდე, შეიძლება ამაზე არ უნდა ილაპარაკო, იმიტომ, რომ ეროვნული ინტერესებიდან არ გამომდინარეობს, დამაზიანებელია შენი ქვეყნისთვის, მათ შორის უკიდურესად დამაზიანებელია განცხადება, როდესაც ცუდად მოიხსენია ევროდირექტივები და იდიოტიზმი უწოდა. არ არსებობს, რომ ადამიანი რასაც ფიქრობ და რა განწყობაც გაქვს, რაღაც პერიოდულობით არ წამოგცდეს. ხან კოლონისტებს ეძახდა ევროპელებს და ამერიკელებს, ახლა ამბობს, რომ ევროდირექტივები არის იდიოტობა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ჩვენ უნდა შევასრულოთ როლი, რომელიც შეიძლება ერთადერთი მიზნისკენ მიდიოდეს, რასაც ჰქვია სტაბილურობა, მშვიდობა, მოლაპარაკება და რეგიონის უსაფრთხოება.

„ჩვენ აბსოლუტურად ნეიტრალურ პოზიციაში ვდგავართ და ეს არის სწორი, პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, პირიქით, ჩვენ უნდა შევასრულოთ როლი, რომელიც შეიძლება ერთადერთი მიზნისკენ მიდიოდეს, რასაც ჰქვია სტაბილურობა, მშვიდობა, მოლაპარაკება და რეგიონის უსაფრთხოება“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ამ დროს ნებისმიერი, ეროვნული ინტერესების ჩარჩოდან ამოვარდნილი განცხადება არის დამაზიანებელი.

„ამ დროს ნებისმიერი განცხადება, ობიექტური იქნება, სუბიექტური, საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო, ნებისმიერი განსხვავებული, ეროვნული ინტერესების ჩარჩოდან ამოვარდნილი განცხადება არის დამაზიანებელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ადამიანს, ხშირად წამოსცდება ხოლმე ანტიევროპული ბევრი ფრაზა და განცხადება. თუმცა გასაკვირი სულაც არ არის. გავიმეორებ ჩემს და ჩვენი გუნდის წევრების ნათქვამს, რომ ეს ადამიანი ედგა ამ ქვეყანას სათავეში და პარტიას, რომელმა პარტიამაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი და ამ რეზოლუციის მიღება მოხდა აგვისტოს ომიდან ორი თვის თავზე“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 28 სექტემბერს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა.