მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარგველაშვილი ოპოზიციაზე: მათი მორალის გატეხვას ინტენსიურად ცდილობენ

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციური სპექტრი რთულ პოლიტიკურ პროცესშია შესული.

ამასთან, ექს-პრეზიდენტი აცხადებს, რომ მათ მიმართ ნდობა კიდევ უფრო მაღალია, რადგან ისინი თბილი სკამებისთვის არ იბრძვიან.

„ჩვენ ოპოზიციურმა ამომრჩევლებმა ხმა მივეცით ჩვენს რჩეულ პოლიტიკოსებსა და პარტიებს. მოდით ჩვენვე ამომრჩეველი ვიყოთ ერთგული ამ გადაწყვეტილების და მაშინ, როდესაც ჩვენ მათ ხმას ვაძლევდით 4 წლით და ვირჩევდით იმისთვის, რომ ძალიან ბევრ პოლიტიკურ პროცესში ჩვენი წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, მუდმივად ყოველდღიურად ნუ დავსვამთ კითხვას მათი ლეგიტიმურობის თაობაზე. დღეს ისინი ჩვენ ხმას ატარებენ და არიან ლიდერები. მათ აქვთ უფლება ამ პოლიტიკურ პროცესში ჩვენი ხმით და ჩვენი მოქალაქეობრივი ძალით ისაუბრონ.

ეს პოლიტიკოსები იბრძვიან არა თბილი ადგილებისთვის, არამედ იბრძვიან იმისთვის, რომ ჩვენი ხმა დაიცვან. აქედან გამომდინარე ჩემი ნდობა ამ პოლიტიკოსების მიმართ კიდევ უფრო მაღალია. იმიტომ რომ ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ ჩემი, თქვენი სხვა ამომრჩევლის ხმა არ იყოს გაყალბებული.

კიდევ უფრო მეტ ნდობას იწვევენ ამ პრინციპულ პოლიტიკურ პროცესში. რთული პროცესის მონაწილეები არიან ეს ადამიანები. ეს ადამიანები არიან მუდმივი წნეხის ქვეშ, მუდმივი პირდაპირი და ირიბი ზეგავლენის ქვეშ, რომელსაც მათზე ახორციელებს მმართველი ძალა.

ძალიან ბევრ მათგანს ელაპარაკებიან და ცდილობენ, რომ პრინციპებიდან გადახვევა თითქოს უკეთესი და მორალური პოზიციით გაუმართლონ. ეუბნებიან, რომ პარლამენტში არ შესვლით არათავისუფლებას ემსახურება. ინტენსიურად ცდილობენ მათი მორალის გატეხვას“, - აღნიშნა მარგველაშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში.