მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მდინარაძე: მადლობა ჩვენს სამაგალითო ოპოზიციას

მამუკა მდინარაძე - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

„ისე გამოვიდა, რომ პოლიტიკური დებატების ბოლო განცხადების გაკეთება მე მომიწია მე- 9 მოწვევის პარლამენტში. ამიტომ, მე მინდა ჩემი დღევანდელი განცხადება მადლიერების გამოხატვას დავუთმო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ბევრი მადლობა მოგვისმენია საქართველოს პარლამენტში, ბევრი ირონიული, ცინიკური, ისტერიულიც კი, გადაჭარბებულიც, თუმცა ძალიან გულწრფელი მადლობაც ბევრი მოგვისმენია.

მინდა მადლობა ვუთხრა მე-9 მოწვევის პარლამენტს უდიდესი გამოცდილებისთვის, მადლობა ვუთხრა ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ახალი და ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის ავტორობით მე-9 მოწვევის პარლამენტი ისტორიაში შეიყვანა. მადლობა ვუთხრა არჩილ თალაკვაძეს, პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობის ღირსეულად

გაგრძელებისთვის. მადლობა უმრავლესობის თითოეულ წევრს გუნდურობისთვის, მეგობრობისთვის, უამრავი ძალიან პოზიტიური და ქვეყნისთვის საჭირო კანონის შექმნისთვის: საარჩევნო კოდექსის, ახალი რეგლამენტის, ტყის კოდექსის, მიწის კანონის, ენერგეტიკის პაკეტის, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის, ბავშვის უფლებათა კოდექსის, შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის, განათლების რეფორმის, შრომის უსაფრთხოების კანონის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონის, მოგების გადასახადის რეფორმის და უამრავი სხვა კანონის. დღეს, რა თქმა უნდა, ყველას ვერ ჩამოვთვლით და მადლობა თქვენ ამისთვის.

მადლობა ჩვენს სამაგალითო ოპოზიციას - „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, რომელთა მაგალითზეც, კიდევ ერთხელ, დავრწმუნდით, რომ ბოროტება სიკეთეზე ვერასდროს გაიმარჯვებს. როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია, ამისი მაგალითიც გახლავთ ისინი, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, რომ სიცრუით ამ ქვეყნაში გამარჯვებას ვეღარასდროს მოიპოვებ.

მადლობა „პატრიოტთა ალიანს“, რომელთა მაგალითზეც დავრწმუნდით, რომ რაც არ უნდა პატრიოტული სახელი დაირქვა და პატრიოტული მესიჯები გაახმოვანო, ქართველი ხალხი ოკუპანტის ნარატივით პოზიციონირებას არასდროს გაპატიებს.

გულწრფელი მადლობა ჩვენი გუნდიდან გასულ დეპუტატებს, რომლებმაც ძალიან ბევრი და ნაყოფიერად იშრომეს ჩვენი გუნდის სხვა წევრებთან ერთად. ასევე იმისთვის, რომ დაგვანახეს როგორი არ უნდა იყოს ნაჩქარები გადაწყვეტილება, ზოგ შემთხვევაში ემოციური ფონზე. თუმცა მეტს არ გავაგრძელებ, იმიტომ რომ ყველაფერი შედარებითია.

მადლობა ჟურნალისტებს, ოპერატორებს, რომლებიც დღედაღამ ცდილობენ ჩვენი ამბების ხალხთან მიტანას, მართალია ზოგი როგორ, ზოგი როგორ, ხშირად ობიექტურადაც, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გულწრფელი მადლობა ჩვენ ჟურნალისტებს.

უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის აპარატის თითოეულ წევრს და თანამშრომელს, რომლებიც ძალიან ხშირად ბევრ პარლამენტარზე მეტ სამუშაოს ასრულებენ, თუმცა კულისებში და ყოველგვარი დაყვედრების გარეშე.

და ბოლოს, მადლობა თითოეულ მოქალაქეს, საზოგადოების თითოეულ წევრს, რომ გყოფნით ნერვები პოლიტიკოსებს გვისმინოთ და მადლობა ჩვენს ამომრჩეველს ნდობისათვის, რაც მთავარია და ერთგულებისათვის.

ძალიან დიდი მადლობა ყველას. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ საქართველოს წარმატებისთვის!“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.