მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოზურგეთში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

პედაგოგებთან შეხვედრა ოზურგეთში

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განათლების სისტემის პრიორიტეტებზე ისაუბრეს და საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგებს პანდემიის პირობებში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

„განათლება არის ის სფერო, სადაც ჩვენი გუნდი მომავალშიც ძალიან დიდ ენერგიას და ინვესტიციას ჩადებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველი სწორედ განათლებაა და ამაში პედაგოგების მხარდაჭერა გვჭირდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვასილ ჩიგოგიძის თქმით, განათლება „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია.

„პედაგოგებთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ განათლების სფეროში დღეს არსებული მდგომარეობა, გავაცანით სამომავლო გეგმები. განათლება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მზად ვართ, განათლებას მეტი ყურადღება დავუთმოთ და ჩვენს პედაგოგებთან ერთად მეტი გავაკეთოთ“, - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

პედაგოგებთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გურიის სახელმწიფო რწმუნებული და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბის უფროსი დავით დარჩია.