მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის ნარკოლოგიურის ცნობას აღარ წარადგენენ - კანონპროექტი დამტკიცებულია

პარლამენტის სასესიო დარბაზი

პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილების თანახმად, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირებს არ მოეთხოვება ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა.

თუ პირი, ამ ცვლილების ამოქმედებამდე პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდა მხოლოდ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარმოუდგენლობის გამო, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებული იქნება, პროექტის ამოქმედებიდან 3 დღეში გაატაროს იგი საარჩევნო რეგისტრაციაში. ცვლილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.

ამასთან, ცვლილებით, პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირი ვალდებული იქნება, შესაბამისი კენჭისყრიდან 7 დღის ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და ამავე ვადაში წარუდგინოს ცნობა საარჩევნო კომისიას, სადაც ის გატარდა პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში.

„პირების სავარაუდო რაოდენობა, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა უწევთ, 9000-მდეა, რაც თავისთავად გულისხმობს ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე შესაბამისი დაწესებულებებისთვის ამ პირთა დიდი ნაწილის მიერ ერთდროულად მიმართვასა და დროის კონკრეტულ მონაკვეთებში ამ დაწესებულებებში/დაწესებულებებთან მათ თავშეყრას. ეს კი, ბუნებრივია, მეტად სარისკო და საფრთხის შემცველია ახალი
კორონავირუსით (COVID-19-ით) გამოწვეული პანდემიისა და ქვეყანაში ვირუსით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე“,- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.