მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პატრიოტთა ალიანსი“ საარჩევნო უბნების დახურვის დროის გაზრდას ითხოვს

ირმა ინაშვილი, თარხან მოურავი

„პატრიოტთა ალიანსმა“ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომლის თანახმადაც საარჩევნო უბნები 20:00 საათის ნაცვლად 23:00 საათზე დაიხურება. ცვლილებას „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა 08:00 საათზე დაიწყება და 23:00 საათამდე გაგრძელდება. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა კენჭისყრის დღის 09:00 საათიდან დაიწყება და 22:00 საათზე დასრულდება. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში დაბრუნდება არაუგვიანეს 23:00 საათისა.

კანონრპოექტით, კანონში უნდა გაჩნდეს ასეთი ჩანაწერი - „კენჭისყრის შენობა იკეტება 23:00 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ“.

„კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს ახალი კორონა ვირუსისგან გამოწვეული შეზღუდვების პირობებში, ჩვენი მოქალაქეების მიერ ვირუსისგან უსაფრთხო და თავისუფალი არჩევანის გაკეთებას“,- წერია განმარტებით ბარათში.

ინიციატორი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.

როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროში ინიციატივის მიღება ვერ მოხდება, თუმცა კანონპროექტს კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ და ინიციატორის მოსაზრებებს მოისმენენ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. მოქმედი კანონმდებლობით, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა 08:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათზე დასრულდება.