მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი ეპიდვითარებაზე: პატარ-პატარა აფეთქებები დიდხანს იქნება

გიორგი გახარია ეპიდვითარებაზე საუბრობს

მთავრობის მეთაურის გიორგი გახარიას თქმით, მოსახლეობამ კოვიდვირუსის გავრცელების გეოგრაფიის სისწრაფისა და რისკების მართვა უნდა ისწავლოს.

გახარია აცხადებს, რომ შეუძლებელია ცალკე აღებულმა ქვეყანამ ვირუსის დამარცხება შეძლოს. პრემიერმა კორონავირუსის გავრცელების გამო სვანეთის რეგიონში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობას რამდენიმე ფრონტზე უწევს ბრძოლა.

გახარია ამბობს, რომ მოქალაქეების როგორც ჯანმრთელობა, აგრეთვე, ეკონომიკის აღორძინება, ორივე არსებითად მნიშვნელოვანია.

„ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვირუსი არსად გაქრება. გლობალურად, ყველა ერთად უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება უნდა გაჩერდეს. უნდა ვისწავლოთ ვირუსის გავრცელების გეოგრაფიის სისწრაფისა და რისკების მართვა, რასაც მერწმუნეთ, რომ ეფექტურად ვაკეთებთ, მიუხედავად ცალკეული შემთხვევებისა და ამის კეთებას გავაგრძელებთ, მაგრამ აქ მარტო მთავრობის ძალისხმევა არასაკმარისია. აუცილებელია, მთავრობის და მოქალაქის ერთობლივი ქმედებები. ის, რომ საქართველოს ამ კუთხით წარმატებული ისტორია აქვს, ბოლომდე ასე უნდა გავაგრძელოთ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პატარ-პატარა აფეთქებები დიდხანს იქნება, სანამ გლობალურად არ იქნება დამარცხებული ვირუსი. შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ვირუსი დაამარცხო. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ უაღრესად ფრთხილები და ყურადღებიანები იმისთვის, რომ ჩვენი თავის, ჩვენი ოჯახის წევრების და მოქალაქეების ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ“, - დასძინა გახარიამ.

ცნობისთვის, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული. ეპიდემიოლოგები 1000-მდე პირის კვლევის პასუხს ელოდებიან.