მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი დავით გარეჯზე: საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორივე მხარის ინტერესშია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2020 წელი

„საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოთქვა აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მზადაა, მხარეების სურვილის შემთხვევაში, გახდეს პლატფორმა, რათა ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

მხარეებმა ასევე, განიხილეს საქართველო - აზერბაიჯანს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავების საკითხები და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები არიან.

ინფორმაციისთვის, საზღვრის დელიმიტაციის საკითხის მნიშვნელობა საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ბაქოში გამართულ შეხვედრაზე გასულ წელს განიხილა, რა დროსაც პრეზიდენტები პროცესის დროულად დასრულების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

ამ ეტაპზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საბჭოს სამუშაოები კორონავირუსის გავრცელების გამო შეჩერებულია.