მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი: ერთი პირის გამო, წარმოუდგენელია დანაშაულის განვრცობა მთელ ჯარზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2020 წელი

დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, დისკრედიტაციის მცდელობებია იმ სფეროებზე, რომლებსაც საზოგადოება ენდობა და რომლებიც ხვალინდელი დღისთვის ყველაზე მეტად გვჭირდება. მან ყურადღება გაამახვილა სამხედრო მოსამსახურეებზე, ჯარზე.

გთავაზობთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უცვლელად:

„ამ დროს, შეტევა ხორციელდება იმ ინსტიტუციებზე და იმ პიროვნებების დისკრედიტაციის მცდელობებია, ვისაც საზოგადოება ენდობა და რომლებიც ხვალინდელი დღისთვის ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს არის - ჯარი, სამართალდამცავები და ჯანდაცვის წარმომადგენლები.

ჩემი მოვალეობა ამ სტრუქტურების და პიროვნებების დაცვაა, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღე და მომავალი დგას.

ჯარზე - ერთი პირის გამო, ვინც არ უნდა იყოს ეს პირი, წარმოუდგენელია დანაშაულის განვრცობა მთელ ჯარზე. მიუღებელია დამაკნინებელი და მადისკრედიტირებელი შეფასებების გავრცელება მთლიანად ჯარზე. მით უფრო, ქვეყანაში რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელიც ისწრაფვის ნატოსკენ; ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები პირდაპირ უთხრის ძირს ქვეყნის ინტერესებს, და ემსახურება დესტაბილიზაციას თუ უცხო ინტერესებს.

როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, კატეგორიულად ვგმობ და დავგმობ ასეთ მცდელობებს! მინდა, ჩემი ნდობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურო ქართულ ჯარს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.