მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი: ხვალინდელ მსოფლიოში შეგვიძლია ღირსეული ადგილი დავიკავოთ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, 2020

"პირველად კაცობრიობის ისტორიაში მსოფლიო გაჩერდა და იძულებულები გავხდით, დავფიქრებულიყავით, როგორი იქნება მსოფლიო ამ გაჩერების შემდეგ, ჩვენ რა ადგილს დავიკავებთ ახალ მსოფლიოში?", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანში 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

"ამის გააზრება ყველასგან მოითხოვს არჩევანის გაკეთებას, ეგოიზმსა და სოლიდარობას შორის, დაპირისპირებასა და თანამშრომლობას შორის, კონფლიქტსა და მშვიდობიან გზას შორის", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ხვალინდელ მსოფლიოში საქართველოს შეუძლია პატარა, მაგრამ ღირსეული ადგილი დაიკავოს.

"ეს ნიშნავს ჩვენი პოტენციალის გადააზრებას, საზოგადოებისა და ეკონომიკის სწორი მიმართულებებით წარმართვას. ეს ახალი მიმართულებები უკვე იკვეთება, ტურიზმის გადარჩენასთან ერთად ესაა სოფლის მეურნეობის წამოწევა, ტრადიციული წარმოების აღდგენა და მსოფლიო გეოეკონომიკაში ახალი ინდუსტრიული ნიშების დაკავება. ყოველივე ეს ეფუძნება პროფესიონალიზმს, რომელიც ხვალინდელი დღის გასაღებია.

სამწუხაროა, რომ ამ გლობალური გამოწვევის დროს ყველამ ერთნაირად ვერ გააცნობიერა სოლიდარობის და ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობა, ახლა ყველაზე კარგად ჩანს, რა არის სწორი გზა- ეს არის თანამშროლობისა და მშვიდობის გზა, ის გზა, რომელზეც დგას საქართველო. თანადგომაზე უარის თქმა, დაძაბულობის ესკალაცია და ოკუპაცია კი, ანაქრონიზმია.

ახალ მსოფლიოში ევროპა დიდი გამოწვევისა და სოლიდარობის ახალ ეტაპზე გადასვლის წინაშე დგება, ჩვენთვისაც კიდევ უფრო ნათელი ხდება, რომ მასთან მჭიდრო თანამშრომლობის ალტერნატივა არ გაგვაჩნია, და რომ ჩვენი ხვალინდელი ადგილი უდაოდ ევროპულ ბლოკშია, როგორც არ უნდა იცვლებოდეს ის.

ასევე, ამ ვითარებაში აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ მნიშვნელობას იძენს, იგი უფრო მრავალფეროვანი იქნება, რამეთუ ამ თვეებში გამოჩნდა უშუალოდ სამხედრო გამოწვევების გარდა, ახალი გლობალური საფრთხეების წინაშეც დავდექით. ეს საფრთხეები მოითხოვს თანამშრომლობის მიმართულებების გაფართოებას და ამის მაგალითია ლუგარის ცენტრი და სამეცნიერო ურთიერთობები.

მსოლიფო ეკონომიკის გადალაგების ფონზე სადაც შავი ზღვის დანიშნულება კიდევ უფრო იზრდება, მისი უსაფრთხოების გასაძლიერებლად, საქართველოსა და ნატოს ერთობლივი გეგმები კიდევ უფრო აქტუალური ხდება.

ამავე დროს ახალ გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველომ თავისი სპეციფიკურობა და იდენტობა უნდა შეინარჩუნოს, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ კულტურას, რომელიც არანაკლებად დაზარალდა ეპიდემიის პირველ ეტაპზე. ეს იმასაც ნიშნავს, რომ განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას, გარემოს, ე.ი ჩვენს ბიომრავალფეროვნებას, იმას რაც ჩვენი საგანძურიცაა და მსოფლიოსთვის ძვირფასი საცავიც.

როგორც ამ კრიზისის დროს დავამტკიცეთ, ჩვენი ის ერი ვართ, რომელსაც დიდი სირთულეების ჟამს ერთიანობის იშვიათი უნარი გაჩნია. 26 მაისი ერთინობისა და ერთობით მიღწეული გამარჯვებების სიმბოლოა, ამ ერთიანობის შედეგია ჩვენი დამოუკიდებლობა. დღეს, ისე, როგორც არასდროს, საკუთარი შესაძლებლობებისა და მომავლის რწმენა გვჭირდება. ამ რწმენით უნდა შევიდეთ ახალ მსოფლიოში და ამ რწმენით დავხვდეთ ყველა გამოწვევას. გაუმარჯოს საქართველოს!", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.