მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი: საქართველოს დემოკრატიის პრინციპები არ დაურღვევია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2020 წელი

"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე განაცხადა, სადაც 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება.

საქართველოს პრეზიდენტმა თავის სიტყვაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ქვეყნის წარმატებაზე ისაუბრა.

"დღეს უჩვეულო 26 მაისია, საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, თავდაცვის ძალებთან ერთად სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში, ეს გამოწვეულია იმ განსაკუთრებული კრიზისული მდგომარეობით, რომელშიც ჯერ კიდევ ვიმყოფებით. ამ ვითარების მიუხედავად ჩვენი აქ მოსვლით და თავდაცვის ძალებთან დგომით გამოვხატავთ ამ დღის მნიშვნელობას საქართველოსთვის.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად შეკრული და ძლიერი საზოგადოება. დღევანდელი ურთულესი კრიზისის დროს ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოს მისცა გამძლეობისა და წარმატების მაგალითი. ეს უდაოდ ჩვენი ყველას, გამარჯვებაა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ომი არ დასრულებულა და უხილავ მტერთან ბრძოლაში ყოფნას ვაგრძელებთ. როცა მიღწეულ წარმატებებზე ვმსჯელობთ, ყველაზე ნათლად ჩანს, თუ რა როლი ითამაშა მასში პროფესიონალიზმმა, ერთის მხირვ, მთავრობამ დროულად და ეფექტიანად აამოქმედა მართვის ყველა ბერკეტი, მეორეს მხრივ ეპიდემიოლოგებმა და მედიკოსებმა სწორად დასახეს დაავადებასთან ბრძოლის სტრატეგია, ჩვენმა ჯარისკაცებმა, ყველგან სადაც საჭირო იყო მაღალ დონეზე შეასრულეს თავიანთი მოვალეობა, და რაც მთავარია, საზოგადოებამ გამოავლინა თავისი სიმწიფე და ქვეყნისა და მოყვასის სიყვარული. სწორედ პროფესიონალიზმმა განაპირობა საზოგადოების მხრიდან ნდობის გამოცხადება და ეს გახდა პირველი წარმატების საფუძველიც", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არცერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები.

"ადამიანის უფლებების შეზღუდვა, რომელიც თავისთავად ახასიათებს საგანგებო მდგომარეობას, ჩვენს შემთხვევაში მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. გადაადგილების უფლება შეიზღუდა მხოლოდ ნაწილობრივ და სადაც აუცილებელი იყო. არ გამოცხადებულა სრული კარანტინი, არ შეზღუდულა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, არც აღმსარებლობის თავისუფლება. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ უპირველესი მნიშვნელობა მივანიჭეთ ადამიანის სიცოცხლეს.

თვით საგანგებო მდგომარეობა დროულად გაუქმდა და ამდენად, შეთანხმებისამებრ, კონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ჩატარება არ დაგვიანდება. სწორედ ეს მიდგომა განასხვავებს დემოკრატიულ ქვეყნებს ავტორიტარულისგან. ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ ამით და იმით, რომ საზოგადოებამ ბოლომდე გაითავისა შეზღუდვების აუცილებლობა და მოწოდების სიმაღლეზე დადგა. ასეთი დამოკიდებულება განვითარებული საზოგაოდებისთვისაა დამახასიათებელი. ყოველივე ამის შედეგია, რომ ჩვენმა ქვეყანამ პარტნიორებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.