მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი შაქარაშვილის საქმეზე: ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე და არა ჯგუფურად

პრეზიდენტის ბრიფინგი 2019

ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულზე მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი შაქარაშვილის მკველობის საქმეზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ არ აპირებს გამომძიებლის როლის შეთავსებას.

მისივე თქმით, ჯგუფურ ძალადობასა და დანაშაულის დაფარვას ვაჟკაცობასთან საერთო არაფერი აქვს.

„ჯერ ერთი, არ ვიცოდი, რომ ამდენი გამომძიებელი იყო საქართველოში. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ გადავიქცე გამომძიებლად. სხვათაშორის პროკურატურას, რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, უფრო კარგი იქნებოდა და უფრო სწრაფად წავიდოდა წინ საქმე. კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, რომ მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი... ძალადობა ადამიანებზე ეს არის მიუღებელი, ძალიან არაქართული და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე, ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის აღიარება. ამიტომ ამაზე დავფიქრდეთ ყველა და ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები და არა ტყუილით და დამალვით, არა ჯგუფური ძალადობით”,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი 21 ივნისს წყალ­ში იპო­ვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.

10 ივლისს პროკურატურამ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომლის თანახმად გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.