მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი: ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მასშტაბით

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2020 წელი

"პრემიერ-მინისტრის წარდგენის საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა ძალაშია 21 აპრილამდე.

"ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე კონსტიტუციის 71-ე მუხლისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის მეორე მუხლის თანახმად, გამოვცემ დეკრეტს, რომლის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის გადაადგილებისა და მიმოსვლის , საკუთრების, შეკრების და თავშეყრის უფლებები, საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა. ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დამრღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები.

ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვები, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარეობს.

შეზღუდვების დაწესებისას მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნა ჩვენი დემოკრატიული პრინციპები და არ იქნა შეზღუდული არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლებები, რათა მედიასაშუალებებმა შეუფერხებლად შეძლონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და საზოგადოების ინფორმირება. ასევე დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის არც სრული კარანტინი, არც კომენდანტის საათის გამოცხადება. ამ ბრძოლის ახალ ეტაპზე მოქალაქეების პასუხისმგებლობა და თვითშეგნება აუცილებელია საგანგებო რეჟიმის წარმატებისთვის, და განაპირობებს იმას, რომ შემდეგ ეტაპზე არ დაგვჭირდეს ამ რეჟიმის გამკაცრება. ყველა მოქალაქეს ვთხოვ, მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენას, მაქსიმალურ სიფრთხილეს და სოციალური დისტანცირების ნორმების შენარჩუნებას. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ ერთიანობით და თვითშეგნებით", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებისთანავე შედის ძალაში და ამის შემდეგ შედის დასამტკიცებლად პარლამენტში. თუ პარლამენტმა არ დაამტკიცა, მაშინ ის ძალას კარგავს.

საკანონმდებლო ორგანოში სესია დღეს 18:00 საათზეა ჩანიშნული.

ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 48 დადებითი შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 1966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 259. გამოჯანმრთელებულია - 1.