მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რევაზ არველაძე საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს

უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კიდევ უნდა გამოცხადდეს, ასევე შემოიღონ კომენდანტის საათი.

„ჩვენ გვახსოვს, მარტში, როდესაც დღეში მაქსიმუმ 9 პიროვნება სნეულდებოდა, შემოვიღეთ საგანგებო მდგომარეობა. ახლა კი, სექტემბერში სამჯერ მეტი დაინფიცირდა, ვიდრე თებერვალ -აგვისტოში მთლიანობაში.

გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. ასეთი მდგომარეობა შემაშფოთებელია. უკეთესი იქნებოდა, არ გაუქმებულიყო საგანგებო მდგომარეობა და შენარჩუნებულიყო კომენდანტის საათი“, - აღნიშნა რევაზ არველაძემ.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა გაუქმდეს და შემდეგ სიტუაციის მიხედვით უნდა გადაწყდეს, აღდგეს თუ არა.

„შემოღებული უნდა იყოს საგანგებო მდგომარეობა ისეთი შეზღუდვებით, რომელიც არ დააზარალებს ან ძალიან მცირედით დააზარალებს ბიზნესს.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა შეწყდეს ეს საგანგებო მდგომარეობა, რადგან არჩევნებმა ნორმალურად ჩაიაროს და შემდეგ სიტუაციის მიხედვით აღდგეს ან არა. ვფიქრობ, არ უნდა დაველოდოთ როდის გაიზრდება დაავადებულთა რაოდენობა სიკვდილიანობის მაჩვენებლების პროპორციულად“,- განაცხადა რევაზ არველაძემ პლენარულ სხდომაზე და აქვე დასძინა, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა და არა მმართველი გუნდის.

ინფორმაციისთვის, ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატებაა. თუმცა, ხელისუფლებაში და ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, რადგან სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.