მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ ჩატარდება არჩევნები საქართველოში ეპიდვითარების პირობებში - დადგენილება ძალაშია

არჩევნები პანდემიის პირობებში

როგორ ჩატარდება საქართველოში საპარლამენტო, საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები ეპიდვითარების პირობებში - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ შესაბამისი დადგენილება გამოსცა.

დადგენილების თანახმად, კენჭისყრის შენობაში პირბადისა და სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავების გარეშე პირები არ დაიშვებიან. ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება. ტემპერატურას გაუზომავენ მხოლოდ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უზრუნველყოფილი იქნებიან პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

ამომრჩეველი გამოიყენებს ერთჯერად საწერ კალამს.

ამომრჩეველი უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მოხმარებისათვის განკუთვნილი კალმისტრით. კენჭისყრის შენობაში განთავსდება კონტეინერი, რომელშიც ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ უნდა მოათავსოს მის მიერ გამოყენებული კალმისტარი.

ფარული კენჭისყრის კაბინები მოეწყობა შემდეგნაირად: ცესკოს რეკომენდაციია, რომ კენჭისყრის კაბინა, ამომრჩევლისთვის შესასვლელი, ერთი მხრიდან გახსნილი დარჩეს და გახსნილი მხარე მიმართული იყოს კენჭისყრის შენობის კედლისკენ იმდაგვარად, რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი.

სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩევლის ყოფნა არ დაიშვება.

შესაძლებელი იქნება გადასატანი საარჩევნო ყუთის გამოყენება, ყუთის წამღები საარჩევნო კომისიის წევრები და მეთვალყურეები აღჭურვილები იქნებიან - გამოიყენებენ პირბადეს, სახის დამცავ ფარს, ხელთათმანს და ხელის სადეზინფექციო ხსნარს.

ამომრჩეველი ვალდებული იქნება დროებით მოიხსნას პირბადე, მხოლოდ:

  • კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ხოლო კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი ვალდებული იქნება ამომრჩეველი არ დაუშვას კენჭისყრის შენობაში პირბადის მოხსნის გარეშე. თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, იგი არ დაიშვება კენჭისყრის შენობაში;
  • ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; ხოლო ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ვალდებული იქნება ამომრჩეველზე არ გასცეს საარჩევნო ბიულეტენი პირბადის მოხსნის გარეშე. თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.
  • პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით.

იმ შემთხვევაში თუ, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს ტემპერატურა დაუფიქსირდება, ის შენობაში არ დაიშვება. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მას კენჭისყრის შენობას იძულების წესით დაატოვებინებენ.

სხვა პირით შეცვლა

  • ცხელების დაფიქსირების გამო, თუ კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება უფლებამოსილი პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, პარტიას უფლება ექნება, მის ნაცვლად დაუყოვნებლივ დანიშნოს სხვა წევრი.
  • ცხელების დაფიქსირების გამო, თუ კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება ან დატოვებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი, მის წარმდგენ საარჩევნო სბუექტს უფლება ექნება დაუყოვნებლივ დანიშნოს ხვა წარმომადგენელი.

ინფორმაციისთვის, 4 მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური, 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები პარლამენტის არჩევნებთან ერთად 31 ოქტომბერს გაიმართება.