მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაერო-ს ფორუმზე ეროვნული მიმოხილვის ამსახველი ანგარიში წარადგინა

დარსალია პოლიტიკურ ფორუმზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მდგრადი განვითარების შესახებ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე (HLPF), მდგრადი განვითარების მიზნების (შDGს) განხორციელების თაობაზე საქართველოს ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) ამსახველი ანგარიში წარადგინა.

უწყების ინფორმაციით, ზემოხსენებული ფორუმი გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) ეგიდით, ყოველ წელს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში იმართება, რომლის ფარგლებში ხდება მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების შეფასება გლობალურ დონეზე. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, წელს ღონისძიება ვირტუალურ ფორმატში მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, 2016 წელს, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო გაერო-ს წევრი სახელმწიფოებიდან, რომელმაც HLPF-ზე მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ნებაყოფლობითი ეროვნული ანგარიში წარადგინა.

ასევე, 2020 წლის ანგარიში ასახავს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მიმართულებით, 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, საქართველოს მიერ განხორციელებულ ძალისხმევებს.

გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოში სამი პრიორიტეტული მიმართულებით - ეკონომიკური განვითარება, ადამიანური კაპიტალის განვითარება და სოციალური კეთილდღეობა, დემოკრატიული მმართველობა - მიღწეული პროგრესის, არსებული გამოწვევებისა და მათი განხორციელების სამომავლო გეგმების შესახებ. ხაზი გაესვა მიდგომის - „არავინ დარჩეს განვითარების მიღმა“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოს მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი, 93 ამოცანა და 200 ინდიკატორი ეროვნულ პრიორიტეტად აქვს განსაზღვრული.

მათივე ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვისა და მათი შესრულების მონიტორინგის ხელშეწყობის კუთხით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შექმნილი მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოსა და მისი ქოლგის ქვეშ ჩამოყალიბებული 4 თემატური სამუშაო ჯგუფის - სოციალური ჩართულობის, ეკონომიკური განვითარების, მდგრადი ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის, დემოკრატიული მმართველობის - მნიშვნელობაზე. ყურადღება გამახვილდა საბჭოს და სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ყველა დაინტერესებული მხარის - საჯარო, სამოქალაქო, საერთაშორისო, აკადემიური და კერძო სექტორიდან - ჩართულობაზე.

აღინიშნა, რომ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება მიმდინარეობს რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - ოკუპაციის პირობებში. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების მზარდი მილიტარიზაციის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნული ბარიერების აღმართვის, ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის, უკანონო დაკავებებისა და ადამიანის უფლებების სხვა უხეში დარღვევების გამო, ხსენებულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების სიმძიმესა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებსა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის ნაწილი, რომელშიც მინისტრის მოადგილემ ლიეტუვას და სინგაპურის დელეგაციის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.