მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო ნატოელ პარტნიორებთან შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების თანამშრომლობას გააგრძელებს

ნატოს დროშა

ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხუთი სამხედრო ხომალდის შემოსვლას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტვიტერის გვერდზე ეხმაურება.

მინისტრის თქმით, საქართველო მიესალმება საზღვაო შენაერთს, რომლის შემადგენლობაშიც ბულგარული, კანადური, იტალიური, რუმინული და თურქული ხომალდები შედიან და მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

"ერთობლივი წვრთნები საქართველოსა და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება", - წერს დავით ზალკალიანი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხუთი ხომალდი 7-9 აპრილს ფოთის პორტს სტუმრობს. ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია მასპინძლობს.