მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოსა და ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის შეთანხმება გაფორმდა

საქართველო -ლონდონის შეთანხმება

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატას (LCCI) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს და ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრებს ერთმანეთთან საქმიანი კონტაქტების დამყარებაში, ამასთან ბრიტანულ ბიზნესს უკეთ წარმოუჩინოს საქართველოში არსებული ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობები.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს და ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება კიდევ უფრო გააძლიერებს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, რაც ჩვენი ქვეყნების საერთო პრიორიტეტს წარმოადგენს. გასული და მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემებით, გაერთიანებული სამეფო საქართველოს მთავარი ინვესტორია. სასიხარულოა, რომ ამ გარემოებაზე COVID-19-ის პანდემიას გავლენა არ მოუხდენია. საქართველოს საელჩო განაგრძობს აქტიურ მუშაობას სტრატეგიულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ყველა სფეროში მხარდაჭერის და ხელშეწყობის აღმოჩენის მიზნით“, - აღნიშნა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ.​

„ძალიან მოხარული ვარ, რომ თანამშრომლობის შესახებ ჩემი პირველი შეთანხმება, ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის რანგში, გავაფორმე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან. ვიმედოვნებ, რომ ეს დოკუმენტი საფუძველს ჩაუყრის სამაგალითო თანამშრომლობას, როგორიც დამახასიათებელია თავისუფალი დემოკრატიის ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატებისთვის და ხელს შეუწყოს ჩვენს ქვეყნებს შორის და ჩვენს ბიზნესებს შორის საერთო კეთილდღეობის მოტანას“, - განაცხადა რიჩარდ ბერჯმა.

ინფორმაციისთვის, ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატა გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა ზომისა და პროფილის კერძო ბრიტანულ და გლობალურ კომპანიებს აერთიანებს და ხელს უწყობს ეკონომიკის ყველა დარგში ბიზნესის განვითარებას.

საელჩოს ძალისხმევის კიდევ ერთი შედეგია ლონდონის პალატის ყოველთვიურ გამოშვებაში London Business Matters ელჩის ვრცელი სტატია საქართველოზე, რომელიც გასულ თვეს პირველად გამოქვეყნდა. სტატიის ანონსი გამოცემის მთავარ ყდაზეც მოხვდა.

London Business Matters-ის გამოცემას 18 000-ზე მეტი მკითხველი ჰყავს, რომელთა შორის სამთავრობო უწყებების, პარლამენტის და ბიზნესის წარმომადგენლები არიან.