მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცქიტიშვილი: თანმიმდევრული და გააზრებული პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს გვაქვს ვირუსის 100 შემთხვევა და არა ასობით ან ათასობით

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ჟურნალისტებთან

"თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად ვიღებდით სხვადასხვა ტიპის შეზღუდვას და ის ყოველთვის იყო მიმართული, პირველ რიგში, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის და ამასთან, არ იყო ჩვენთვის ყველაზე სასურველი გამოსავალი.  ყოველთვის ვცდილობდით, რომ ფრთხილად და წინდახედულად შემოგვეტანა ესა თუ ის შეზღუდვა ვირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად",- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ  საფრთხეები გაიზრდებოდა და შეიცვლებოდა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საზოგადოება გაფრთხილებული იყო ზომების გამკაცრების შესახებ. 

"მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ბევრ ქვეყანასთან შედარებით ჯერ კიდევ არ გვაქვს მძიმე სტატისტიკა, 100 შემთხვევა საქართველოსთვის არ არის ცოტა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს სამი შემთხვევა,  რომლის პირველწყრო არ არის დადგენილი და სამივე ამ შემთხვევაში არის საკმაოდ მაღალი კონტაქტების რისკი უშუალოდ პაციენტების მხრიდან. თავისთავად ეს ფაქტი ნიშნავს უკვე იმას რომ საზოგადოებაში არის შიდა გავრცელების მაღალი რისკი და რომ  შემთხვევების რაოდენობამ შეიძლება იმატოს ბევრად უფრო მაღალი სიჩქარით", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ  ყველა ის ნაბიჯი რომელიც გადაიდგა არის კონსულტაციების შედეგი ეპიდემიოლოგებთან და  ჯანდაცვის სპეციალისტებთან.

"ძალიან ბევრ ქვყანაში, სადაც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება შემთხვევების რაოდენობა მკაცრი კარანტინი არის უკვე არა პრევენციული ღონისძიება, არამედ იმის გამოძახილი რაც იქ ხდება.  გააზრებული, თანმიმდევრული და წინდახედული პოლიტიკის შედეგია ის რომ ჩვენ დღეს, მაშინ როდესაც პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან თვეზე მეტია გასული გვაქვს 100 შემთხვევა და არა ასობით ან ათასობით",- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.