მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უსაფრთხოების კანონი" ჰონგ-კონგის ავტონომიის დასასრულის დასაწყისი ხდება

უსაფრთხოების კანონი - ჰონგ-კონგი

წელიწადზე მეტია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ჰონგ-კონგია მოქცეული. ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონსა და მსოფლიოს ერთ-ერთ ფინანსურ ცენტრს პეკინის მხრიდან საფრთხე ემუქრება. სი ძინ პინის მთავრობა „ერთი ქვეყანა ორი სისტემის“ - „ერთი ქვეყნა ერთი სისტემით“ შეცვლას გეგმავს.

ჰონგ-კონგი ბრიტანეთმა იმპერიას ოპიუმის პირველი ომის დროს (1839-1842) დაიკავა. 1898 წელს 99 წლიანი იჯარით დაიკანონა. 1941-1945 წლებში ტერიტორია იაპონიის მიერ იყო ოკუპირებული, 1997 წელს კი ჩინეთს გადაეცა. იმ დროს პეკინმა პირობა დადო, რომ კუნძულისა და ნახევარკუნძულისგან შემდგარ ტერიტორიას ფართო ავტონომიას შეუნარჩუნებდა, რაც რეალურად დე-ფაქტო დამოუკიდებლობას ნიშნავდა.

ჰონგ-კონგს საკუთარი ვალუტა, ეკონომიკური პოლიტიკა და სამართლებრივი სისტემა გააჩნია. ოლიმპიურ თამაშებზე და სხვა საერთაშორისო ღონისძიებებზე ჰონგ-კონგი დამოუკიდებლად ასპარეზობს. პრაქტიკულად, ერთადერთი რაც ქალაქ-სახელმწიფოს არ გააჩნია, ეს საკუთარი არმიაა. პრივილეგიები შესაძლოა მალე სამუდამოდ დასრულდეს და ნახევარი საუკუნის ვადით დადებული პირობა მეოთხედ საუკუნეზე ნაკლებ დროში დაირღვეს.

1997 წელს როდესაც, 151 წლიანი (ოთხწლიანი იაპონური ოკუპაციის გათვალისწინებით) ბრიტანული მმართველობა დასრულდა და 1104 კვადრატული კილომეტრის მქონე ტერიტორია ჩინეთს გადაეცა, კონტინენტურ ჩინეთში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის (PPP) მიხედვით $2270-ს შეადგენდა, ჰონგ-კონგში 11.7-ჯერ მეტს - $26 640-ს. პირველი რეაქცია უარყოფითი აღმოჩნდა, რასაც აზიის კრიზისიც დაემთხვა, 1998 წელს ჰონგ-კონგის ეკონომიკა 5%-ზე მეტით შემცირდა, თუმცა, ზრდა 1999 წელსვე განახლდა. 2019 წელს ჩინეთის სწრაფი ზრდის ხარჯზე სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ცხოვრების დონე ჰონკ-კონგში, სადაც შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე $62 375-ს აღწევს, ჩინეთთან შედარებით დღესაც 3.7-ჯერ უფრო მაღალია, სადაც შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე შესაბამისად $16 780-ს შეადგენს. 2020 წლის მდგომარეობით ჰონგ-კონგი უფრო მდიდარია, ვიდრე გერმანია, დანია და ნიდერლანდები.

hong-kongi_o_h.jpeg

ჰონგ-კონგი სინგაპურთან, ტაივანთან და სამხრეთ კორეასთან ერთად „აზიის ვეფხვებს“ განეკუთვნება. ქალაქ-სახელმწიფო ყოველწლიურად $0.5 ტრლნ-ს ექსპორტს ახორციელებს, რაც მოსახლეობით 1.38 მლრდ-იანი ინდოეთის მაჩვენებელს $150 მლრდ-ით აღემატება.

ადამიანური განვითარების ინდექსით ჰონგ-კონგი მე-4 ადგილზეა და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა აშშ, იაპონია, შვედეთი, ფინეთი, ისლანდია და სინგაპური.

2019 წელს განვითარება მას შემდეგ შეჩერდა, რაც პეკინმა ჰონგ-კონგს მსჯავრდებულის ჩინეთში ექსტრადირება დაავალა. საპტოტესტო ტალღის მასშტაბმა მსოფლიო გააკვირვა. დემონსტრაციები დარბევების შემდეგაც არ შეწყვეტილა. ჰონგ-კონგელები, სადაც მოსახლეობის 94% ეთნიკურად ჩინელია, ბრძოლას ახლა უკვე „უსაფრთხოების კანონის“ წინააღმდეგ განაგრძობენ, თუმცა ჩინეთის მზარდ ამბიციებთან გამკლავება, მარტო სხვის დაუხმარებლად სულ უფრო ძნელი ხდება. რეალური დახმარება კი არ ჩანს. მსოფლიოს სხვადასხვა მეგაპოლისში გამართული სოლიდარობის აქციები ქალაქ-სახელმწიფოში საპროტესტო მუხტის სტიმულს ზრდის, მაგრამ გადარჩენისთვის მაინც არასაკმარისი წინაპირობაა.

აქციები მარტში დაიწყო და უკვე ივნისში დემონსტრატთა რაოდენობამ 2 მლნ-ს გადააჭარბა, ანუ ყოველი 10 ჰონგ-კონგელიდან 3 ქუჩაში იყო გასული. აგვისტოში მშვიდობიან აქციებს, რომელიც მცირემასშტაბიან ძალადობაში სულ რამდენჯერმე გადაიზარდა, გაფიცვებიც დაემატა. ამავე პერიოდში დაიწყო აქციების ორგანიზატორთა მასობრივი დაპატიმრებები.

hong-kongi_o_h.jpeg

სექტემბერში ჰონგ-კონგის მთავრობამ უკან დახევის ტაქტიკა არჩია და კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ განაცხადა, თუმცა ეს დემონსტრანტებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. მათ დაკავებულების გათავისუფლება, მოძალადე პოლიციელების დასჯა და კერი ლამის (ჰონგ-კონგის ლიდერი) გადადგომა მოითხოვეს. კიდევ ერთი მოთხოვნა გასული თვეების პროტესტის შეფასებას ეხებოდა, ოფიციალურ პირებს პროცესისთვის „ბუნტი“ აღარ უნდა ეწოდებინათ.

ბრძოლის არსი რეალურად ჰონგ-კონგის სუვერენიტეტის შენარჩუნებაშია და არა რომელიმე თუნდაც კატეგორიულად მიუღებელი კანონის მიღებაში. მოსაზრებას ისიც ადასტურებს, რომ ერთი კანონპროექტის გაწვევის შემდეგ ქვეყანას პეკინიდან ახალი შეზღუდვები დაატყდა თავს. ჩინეთის მთავრობის მიერ მაისში დამტკიცებული „უსაფრთხოების კანონი“, რომლიც გაცხადებულ მიზანსაც სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, სინამდვილეში ჰონგ-კონგის ავტონომიისთვის ძირის გამომთხრელია. კანონი ამბოხისა და სეპარატიზმის გამოვლენისთვის მრავალწლიან, ზოგ შემთხვევაში სამუდამო პატიმრობსაც ითვალისწინებს. სად გადის პროტესტსა და ამბოხს შორის ზღვარი, ამას მხოლოდ პეკინი წყვეტს.

კანონი ძალაში 30 ივნისს შევიდა. იქამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ჰონგ-კონგელებს გამარტივებულ საიმიგრაციო პირობებს დაპირდა.

„უსაფრთხოების კანონი“ მხოლოდ ქუჩის პროტესტს არ ზღუდავს. ჰონგ-კონგის ბიბლიოთეკებიდან „კანონთან შესაბამისობის გადასამოწმებლად“ უკვე გამოხშირეს წიგნები. რატომღაც აკრძალულ ავტორებში მხოლოდ პარტიის, ცენტრალური მთავრობისა და ავტორიტარიზმის მაკრიტიკებლები მოხვდნენ.

biblioteka_o_h.jpeg

ცვლილებებმა პეკინს ჰონგ-კონგის მთელ ტერიტორიაზე უშიშროების ოფისების გახნსისა და ნებისმიერი კანონის გადაწერის საშუალება მისცა. ეს ყველაფერი რეალურად უკვე არათუ დეფაქტო დამოუკიდებლობის ჩვეულებრივი ავტონომიის დასასრულსაც ნიშნავს. ჯერჯერობით სრული კოლაფსი არ დამდგარა, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ დროის საკითხია. დღეს დადასტურებულად შეიძლება იმის თქმა, რომ რეგიონში მზარდმა ავტორიტარიზმმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. თუ გასულ წელს ადმინისტრაციული შენებოების დაკავებისთვის დემონსტრანტებს რეზინის ტყვიებს ესროდნენ, ახლა საქმეში ცეცხლსასროლი იარაღიც ჩაერთო, არავინ დაღუპულა, თუმცა 2 დაჭრილი მომიტინგის მდგომარეობა კრიტიკულია. წელს ჰონგ-კონგში 1989 წლის ტიანნმენის მოედნის სასაკლაო კიდევ გაიხსენეს, შესაძლოა, უკანასკნელად.

საფრთხე მხოლოდ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს არ ეხება. ზარალდება ეკონომიკაც. 2018 წლის 2.9%-იანი ზრდის შემდეგ, 2019 წელს ჰონგ-კონგის ეკონომიკა 1.2%-ით შემცირდა. კლება მომავალშიც გაგრძელდება. ქალაქსახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ნელ-ნელა გაუქმდება. მოსალოდნელია ასევე ათობით მლრდ დოლარის კაპიტალის გადინებაც. ნიუ-იორკისა და ლონდონის შემდეგ სიდიდით მესამე ფინანსური ცენტრი გლობალური ფინასების რუკიდან გაქრება. მისი ადგილი ნაწილობრივ შესაძლოა სინგაპურმა დაიკავოს, მაგრამ ეს დანაკარგს სრულად ვერ შეავსებს.

hong-kongis-ekonomika_o_h.jpeg

დღეს ჩინეთი აღარაა ის სახელმწიფო, როგორიც იყო 40, 20 ან თუნდაც, 10 წლის წინ. #2 ეკონომიკა ნაბიჯ-ნაბიჯ აშშ-ს ეწევა. შენდება ქალაქები, იზრდება მოსახლეობის შემოსავალი, რის გამოც ჰონგ-კონგის გაუკაცრიელებაზე, გაღატაკებაზე და ნაქალაქრად ქცევაზე მსჯელობა გადაჭარბებულია, თუმცა, ის ახლა უკვე ქალაქ-სახელმწიფოს ნაცვლად შანხაისა და შენჯენის მსგავსად ჩინეთის რიგითი, ან რიგითზე ოდნავ მეტი განვითარებული ქალაქი იქნება.

საქართველოს ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ცალ-ცალკე აქვს გაფორმებული. ჩინეთთან აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში 2018 წლის 1-ლი იანვრიდან, ხოლო ჰონგ-კონგთან 2019 წლის 13 თებერვლიდან შევიდა. 1995-2019 წლებში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ $766 მლნ-ს მიაღწია. საქართველოდან ჰონგ-კონგში $41 მლნ-ს ექსპორტი და $725 მლნ-ს იმპორტი განხორციელდა. იმავე პერიოდში კონტინენტურ ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვამ 11-ჯერ მეტი - $8.471 მლრდ შეადგინა, ექსპორტი - $1.183 მლრდ და იმპორტი - $7.288 მლრდ. თუმცა ჩინეთის მოსახლეობა ჰონგ-კონგისას არა 11-ჯერ, არამედ 190-ჯერ აღემატება.

შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოსთვის პანდემია მისწრება აღმოჩნდა, რათა თავისი უსუსური პროტესტი გაემართლებინა. ვინ იქნება შემდეგი? ჩინეთს ტერიტორიული პრეტენზიები სამხრეთჩინეთისა და აღმოსავლეთჩინეთის ზღვებში მდებარე კუნძულებზეც გააჩნია, გარდა ამისა, პეკინს დიდი ხანია მიზანში ტაივანი აქვს ამოღებული. ტერიტორიით საქართველოს ნახევარ კუნძულოვან სახელმწიფოს 1971 წლამდე ტაივანს როგორც მთელი ჩინეთის კანონიერ წარმომადგენელს ისე განიხილავნდენ. გაეროშიც სწორედ მას ჰქონდა ხმის უფლება. მოსახლეობით 24 მლნ-იანი არაღიარებული ტაივანი ეკონომიკურად მსოფლიოს ერთ-ერთი მაღალგანვითარებული სახელმწიფოა, სადაც შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე $55 000-ს შეადგენს. 2004-2010 წლებში ტაივანში მდებარე 509 მეტრიანი „ტაიპეი 101" მსოფლიოს უმაღლეს ცათამბჯენს წარმოადგენდა. პეკინი მას თავის ტერიტორიად განიხილავს და ბოლო პერიოდში აღარც პირდაპირ მუქარას ერიდება.

taivani_o_h.jpeg

კიდევ ერთი სამიზნე შეიძლება ჩინეთის მეორე სპეციალური ადმინისტრაციული ერთეული 1999 წელს პორტუგალიის მიერ ჩინეთისთვის გადაცემული მსოფლიო სამორინეების ერთ-ერთი ცენტრი ლუქსემბურგზე მდიდარი მაკაუ გახდეს, სადაც შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე $129 000-ს აღწევს. ეს ჩინეთისთვის ძალიან მარტივი ოპერაცია იქნება, თუმცა მაკაუს ზომიდან და გავლენებიდან გამომდინარე პეკინის ინტერესები ჯერჯერობით მას არ ეხება. 30 კვადრატული კილომეტრის მქონე ფართობის მაკაუ ზომით ბათუმის ნახევარი და ჰონგ-კონგის 2.76%-ა. 650 ათასიაბნი მოსახლეობით ჩინეთის მეორე სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი, ჩინეთის პიველ სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონზე 12-ჯერ პატარაა. 2019 წლიდან ჰონგ-კონგსა და მაკაუს 55 კმ-იანი ხიდი აკავშირებს.

შემთხვევითი არაა, რომ ტრამპი მთავარ კონკურენტად და #1 საფრთხედ რუსეთის მაგივრად ჩინეთს განიხილავს. მართალია შეიარაღებული ძალების სიძლიერით ჩინეთი ჯერ ისევ მე-3 ადგილზეა, მაგრამ ჩინეთის ეკონომიკამ უკვე $14.34 ტრლნ-ს მიაღწია და აშშ-ის ეკონომიკის 2/3-ს გადააჭარბა, ეს მაშინ როცა რუსეთის ეკონომიკა ჩინეთის ეკონომიკაზე 8.4-ჯერ ნაკლებია და მხოლოდ $1.70 ტრლნ-ს შეადგენს.

30 წლის წინ ჩინეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 1.73%-ს შეადგენდა, 20 წლის წინ 3.36%-ს, 10 წლის წინ 8.45%-ს, დღეს 16.34%-ს. ჩინეთიდან წამოსული კორონავირუსის პანდემიის შედეგად ევროპა და ამერიკა ეკონომიკურად ჩინეთზე გაცილებით მეტად დაზარალდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის წილი გლობალურ ეკონომიკაში კიდევ უფრო გაიზრდება, გარდა ამისა, პრობლემებში ჩაფლულ მსოფლიოში მას მოქმედების მეტი საშუალებაც ექნება.

chinetis-ekonomika_o_h.jpeg

ჩინეთის მიერ XX საუკუნეში დასახული მიზნის თანახმად, ქვეყანას, როგორც მთლიანი ეკონომიკის, ასევე, სამხედრო სიძლიერის მიხედვით, პირველობისთვის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავზე, 2049 წლისთვის უნდა მიეღწია. ჩინეთის არსებული შესაძლებლობებსა და ამბიციების გათვალისწინებით გეგმამ უტოპიიდან რეალობაში გადმოინაცვლა.

ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი