მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვოლსკი დავით გარეჯის საკითხზე: საერთოდ არანაირი დოკუმენტი რომ არ ყოფილიყო, არ უნდა დაეთმო ხელისუფლებას პოზიცია

ვიცე-სპიკერი - გიორგი ვოლსკი

„ფაქტია, რომ ადვოკატებიც, სამწუხაროდ, ჩართულები არიან პოლიტიკურ თამაშებში, რათა თავისი ჰონორარი გაამართლონ. ფაქტია ისიც, რომ დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენეს მოლაპარაკებისას, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, არ იყო ადეკვატური იმ ისტორიული რეალობისა, რასაც ქვია დავით გარეჯის საქართველოს შემადგენლობაში არსებობა“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების ადვოკატების განცხადებებს.

მისი თქმით, საერთოდ არანაირი დოკუმენტი რომ არ ყოფილიყო, არ უნდა დაეთმო ხელისუფლებას პოზიცია და უნდა ეძებნა ის, რის მოძებნაც მოხერხდა ბოლო პერიოდში.

„ამაზე ილაპარაკა ირაკლი ღარიბაშვილმა, სავსებით გამჭვირვალედ, სრული ინფორმაცია წარმოადგინა, მაგრამ არავინ რომ არ ილაპარაკოს ამ თემაზე, საოცარია იმისთვის ბრძოლა, რომ ეს ტერიტორია, გინდა თუ არა, აზერბაიჯანს ეკუთვნის და სამწუხაროდ, ადვოკატებიც ჩართული არიან ამ ბრძოლაში იმ მხარის პოზიციებიდან, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოსი არ არის დავით გარეჯი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.​

🔴ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.
🔴საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.