მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზალკალიანი: ​ნატო-საქართველოს კომისია საქართველოში რეფორმების პროცესს მაღალ შეფასებას აძლევს

საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-საქართველოს კომისიის მოხსენებაზე

„ნატო-საქართველოს კომისიაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში განხორციელებულ რეფორმებს, ქვეყნის ჩართულობას რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ხელისუფლების ნაბიჯებს, რომლებიც გადაიდგა ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების და ასევე პანდემიის ეფექტიანი პრევენციის კუთხით და ნატო-საქართველოს პრაქტიკულ თანამშრომლობას",- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სხდომას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ხოლო ალიანსის მხრიდან ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა ხელმძღვანელობდა.

„მოკავშირეების მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი მტკიცე მხარდაჭერა და ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის წარმატებას ამ მიმართულებით.

ნატო-საქართველოს კომისიის მონაწილეების მხრიდან უმაღლესი შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების მიერ პანდემიასთან ბრძოლის პროცესის ეფექტიან მართვას, რამაც შესაძლებელი გახადა ვირუსის ადრეული გავრცელების პრევენცია და საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის დამკვიდრება“,- აღნიშნა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის წევრმა ქვეყნებმა საქართველოში რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს.

„წევრმა ქვეყნებმა შეშფოთება გამოთქვეს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო ქმედებების გამო და დაგმეს ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებული ფაქტები; მათ შორის, შეშფოთება გამოთქვეს, 11 ივლისს, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და მისი უკანონო დაკავების ფაქტზე. ასევე ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელებასა და მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვის ფაქტებზე, მათ შორის, პანდემიის დროს მათთვის დაწესებული შეზღუდვების გამო. ასევე აღინიშნა რუსეთის ფედერაციის მხრიდან პანდემიის დროს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც მიმართულია საქართველოსა და რეგიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფის ერთ-ერთი წარმატებული ცენტრის - ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ. ალიანსის წევრმა ქვეყნებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები და კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივის მიმართ",- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უწყების ცნობით, სხდომაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ისე ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით.