მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხის და ბორჯომის ბაზრები დროებით დაიხურა

კორონავირუსის გამო ბაზარი დაიკეტა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული სამი აგრარული ბაზრიდან ორი დაიხურა. ბორჯომის და ახალციხის ბაზრების ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეს დროებითია და პირობების მოწესრიგების შემდეგ, სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებას გააგრძელებს.

ახალციხეში, "ალფა მარკეტში" დღეს მხოლოდ ხორცისა და სურსათის მაღაზიები მუშაობდა, შიდა ტერიტორია, სადაც ხილ-ბოსტნეულის დახლები იყო, დაიკეტა. ბაზრის წარომადგენლების თქმით, დახლების გადაწყობა ხდება, რათა მომხმარებლებს შორის დისტანციის დაცვა მოხერხდეს.

დირექტრის, ვახტანგ ქართველიშვილის განმარტებით, გამყიდველებს პირბადე და ხელთათმანები უკეთიათ, დეზინფექცია უტარდება ტერიტორიას, თუმცა პრობლემას მყიდველები ქმნიდნენ.

იგივე მიზეზით დაიხურა ბორჯომის აგრარული ბაზარიც. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ზაალიშვილის განმარტებით, სავაჭრო ობიექტები, რომლებიც ბოსტნეულით ვაჭრობდნენ, არც რეკომენდაციებს იცავდნენ და არც მყიდველთა რიგებს არეგულირებდნენ. მისივე თქმით, ბაზარი ტერიტორიის მოწესრიგების შემდეგ გაიხსნება.

შეზღუდვით მუშაობს ახალქალაქის ბაზარი, სადაც ცოცხალი საქონლის ბაზრობა სრულად დაიხურა, აქ მხოლოდ სურსათის და შხამ-ქიმიკატების მაღაზიებია ღია.