მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჭიათურაში საბაგირო გზების 4-დან 2 მიმართულების ტესტირება დასრულდა

ჭიათურის საბაგიროს ტესტირება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ჭიათურაში საბაგირო გზების რეაბილიტაციას ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, ოთხი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი და საბაგიროს გზის ორი მიმართულების - ლეჟუბანისა და სანატორიუმის ტესტირება.

დასკვნით ფაზაშია დანარჩენი ორი მიმართულების ელექტრო გამართვა, რის შემდეგაც აღნიშნული მიმართულებების ტესტირების პროცესიც დაიწყება.

პროექტში ჩართულები არიან ფრანგული კომპანიების „ტექკაბელის“ და ,,პომას“ სპეციალისტები, ხოლო რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება ფრანგულმა კომპანია Pomagalski-მ უზრუნველყო.

ჭიათურის საბაგირო გზების რეაბილიტაცია საქართველოს და საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს აღემატება.

ჭიათურის საბაგირო გზებისა და სადგურების რეკონსტრუქციის ბოლო ეტაპის სამუშაოს დასრულების შედეგად, სრულად აღდგება საბაგიროს ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი სამგზავრო მიმართულება, რომელთა საერთო სიგრძე 3428 მეტრია.

ინფორმაციისთვის, საბაგირო ტრანსპორტი, ჭიათურის მთაგორიან რელიეფზე, მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ყოფილ საბჭოთა კავშირში, პირველი სამგზავრო საბაგირო გზა სწორედ ჭიათურაში აშენდა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებული ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს, ამიტომ სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა.

პროექტის დასრულების შემდეგ, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით ისარგებლებენ როგორც ჭიათურის მოსახლეობა, ისე ქალაქის სტუმრები.