მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყველა მაღაროელი გადამოწმებულია, უტარდებათ ტესტირება, ვინც თვითიზოლაციაშია, „ჯორჯიან მანგანეზი” ყველას უხდის ხელფასს – პაატა სამხარაძე

ჭიათურის სამთო მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე პაატა სამხარაძე

„ყველა მაღაროელი გადამოწმებულია, უტარდებათ ტესტირება, ვინც თვითიზოლაციაშია, „ჯორჯიან მანგანეზი" ყველას უხდის ხელფასს“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ჭიათურის სამთო მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, თითქოს, ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 9 მუშას კორონავირუსი დაუდასტურდა და მათ იზოლაციაში გადასვლის საშუალება არ აქვთ.

ჭიათურის სამთო მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარემ პაატა სამხარაძემ Pia.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მას მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.

„ჯორჯიან მანგანეზი" ვერ შეაჩერებს სამუშაოებს, თუმცა კომპანია თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას მაქსიმალურად აკონტროლებს. „ჯორჯიან მანგანეზი“ სამუშაო პროცესს არ აჩერებს, რადგან ჭიათურის და მთლიანად საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებულია ბიზნესის მუშაობაზე. ერთხელ გამოვცადეთ ასეთი სიტუაცია და ეკონომიკა ვერ გაუძლებს. 2 დღის წინ იყო ჭიათურაში 200-მდე ადამიანი ინფიცირებული. კომპანია 3700 კაცზე მეტს ასაქმებს, თითოეულ მათგანს უტარებს ტესტირებას ყოველ 2 კვირაში, უზომავენ სიცხეს, 37 გრადუსის დაფიქსირების შემთხვევაში უშვებენ სახლში და აკავშირებენ ექიმთან.

არცერთ მუშას პრობლემა არ შეჰქმნია, ყველა გადამოწმებულია და გადადიან თვითიზოლაციაში. ვინც თვითიზოლაციაშია ან კარანტინში, ყველას უხდიან ხელფასს. მსგავსი რამ მე არ გამიგია, რომ კომპანია სიტუაციას არ აკონტროლებდეს. სამუშაოების შეჩერებას არ მივესალმები,“ - განაცხადა პაატა სამხარაძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 9 მუშას კორონავირუსი დაუდასტურდა, დასაქმებულ მაღაროელებს საშუალება არ აქვთ გადავიდნენ თვითიზოლაციაში და პრეტენზიის შემთხვევაში, ხელმძღვანელობა მხოლოდ უხელფასო შვებულებაში გასვლის უფლებას აძლევს.