მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული მოსახლეობას მიმართავს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე მოსახლეობას მიმართავს.

"მოგეხსენებათ, დღეს, ჩვენი რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის მოსახლეობას საგანგებო მდგომარეობის პირობებში უწევს ცხოვრება. ხელისუფლების ყველა შესაბამისი უწყება და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების პრევენციის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. სახელმწიფოს დროული, ადეკვატური და მიზანმიმართული ნაბიჯების წყალობით, საქართველო COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებლებით. 

ამ რთულ და მწვავე ბრძოლაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობა. მცხეთა-მთიანეთი, ყველა დანარჩენ რეგიონთან ერთად, ვირუსის პრევენციის მიზნით, ღონისძიებებს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. შექმნის პირველივე დღიდან აქტიურად მუშაობს უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც ზედმიწევნით ასრულებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მითითებებს. 

რეგიონის მასშტაბით, მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, უსაფრთხოების ყველა შესაბამისი ზომა დროულად ტარდება. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამ დრომდე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები არც ერთი მოსახლის ინფიცირების ფაქტი არ დადასტურებულა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, რეგიონში შეუფერხებლად გრძელდება ინფრასტრუქტურული და  სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები.

ვფიქრობთ, მცხეთა-მთიანეთი კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში ერთ-ერთი წარმატებული რეგიონია და მჯერა, ამ შედეგს ბოლომდე შევინარჩუნებთ. ვაგრძელებთ აქტიურ და კოორდინირებულ მუშაობას ყველა შესაბამის უწყებასთან. ჩვენს მოსახლეობას კი, კიდევ ერთხელ მივმართავთ თხოვნით და  მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, დარჩნენ სახლში და შეასრულონ საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რათა აპრილის თვის ყველაზე რთულ და მძიმე პერიოდში, რეგიონში დღეის მდგომარეობით არსებული შედეგების შენარჩუნება მაქსიმალურად მოვახერხოთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას!",- ნათქვამია შალვა კერესელიძის მიმართვაში.