მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ორი წლის განმავლობაში „ბათუმის წყალმა“ 20 000-ზე მეტი აბონენტი გაამრიცხველიანა

„ბათუმის წყალმა“ ადგილობრივ მერიას ანგარიში წარუდგინა.

დღეს 10 აგვისტოს „ბათუმის წყლის“ გენერალურმა დირექტორმა, მარიკა გვიანიძემ იმ პროექტებისა და სამუშაოების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ორი წლის განმავლობაში განხორციელდა და სამომავლოდ დაიგეგმა. ამის შესახებ, Pia.ge-ს „ბათუმის წყლის“ პრესასმსახურიდან აცნობეს.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ ჩიქოვანის განმარტებით, ბათუმის მოსახლეობისთვის წყლის გაუმჯობესება და ურბანული განვითარება გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია:

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი და ჩვენი გუნდისთვის მთავარი პრიორიტეტია ბათუმის მოსახლეობისთვის წყლის ხარისხის გაუმჯობესება და ურბანული განვითარების ხელშეწყობა. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ გრძელვადიან მიზნებსა და სისტემურ განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ ბათუმის წყალი ქალაქის მასშტაბით 100 ათასამდე აბონენტს ემსახურება. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში ზრუნავენ წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებაზე”, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

მარიკა გვიანიძის განმარტებით, ორი წლის განმავლობაში „ბათუმის წყლის“ მიერ 20 ათასზე მეტი აბონენტის გამრიცხველიანება განხორციელდა. მოეწყო 16000 გრძივი მეტრი წყალმომარაგების მაგისტრალური და ინდივიდუალური ქსელი. დამონტაჟდა 50 ათასი გრძივი მეტრი ახალი წყალარინების ქსელი და 3 ათასი გრძივი მეტრი ახალი სანიაღვრე სისტემა. შეიქმნა საველე აპლიკაცია „კოლექტორი“.

მისივე თქმით, „ბათუმის წყლის“ ლაბორატორიამ 2019 წელს გაიარა რეაკრედიტაცია და აღიარებული იქნა უმაღლესი სტანდარტების სასმელი წყლის ლაბორატორიად, სადაც დამატებით დაიწყეს კალციუმის, მაგნიუმისა და სალმონელას კვლევების ჩატარება. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ ადლიისა და აეროპორტის ტერიტორიებსა და ქეთევან წამებულის, დიდგორის, მარკოზ აჭარელის ქუჩებზე დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელის გაფართოება, გონიოს ახალი რეზერვუარის ექსპლუატაციაში მიღება და მოსახლეობის გამრიცხველიანება. რაც შეეხება წყალმომარაგებას, თოდოგაურის დასახლებაში იგეგმება სასმელი წყლის ქსელის გაფართოება.

ანგარიშის წარდგენას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, მერიის სამსახურების წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.