მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამცხე-ჯავახეთში სამ პირს კორონავირუსზე ანალიზი აუღეს

ლაბორატორია

ლუგარის ლაბორატორიაში სამცხე-ჯავახეთიდან სამი პირის ბიოლოგიური მასალა გააგზავნეს. პაციენტების სიმპტომებიდან გამომდინარე მედიკოსები ეჭვობენ, რომ შესაძლოა ისინი ახალი კორონავირუსით არიან ინფიცირებულნი.

ახალგაზრდა მამაკაცი ასპინძიდან ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში პნევმონიის დიაგნოზით გადაიყვანეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადას სახლიდან ბოქსირებულ პალატაში წაეყვანა.

"მოგზაურობის ისტორია არ უფიქსირდება. მანამდე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ბინაზე მკურნალობდა, ახლა გადაყვანა გახდა საჭირო. ლუგარიდან ანალიზის პასუხს სავარაუდოდ, დილით მივიღებთ", - გვითხრა მზია პაპაშვილმა.

მეორე პაციენტს გერმანიაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, როცა ტემპერატურამ მოუმატა და ამის გამო, კლინიკას მიმართა. ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ამბობენ, რომ ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"მათი მდგომარეობა სტაბილურია, მძიმე არც ერთი არ არის. მოგზაურობის გამო, პაციენტი რისკ-ჯგუფშია ამიტომ ჩვენ მოგვმართა", - გვითხრა კლინიკის მენეჯერმა რევაზ კუჭუხიძემ.

ერთ-ერთი პაციენტი მე-13 დღეა კარანტინს აბასთუმნის ფილტვის ცენტრში გადის. კლინიკური მენეჯერის თქმით, ქალს გუშინ, 30 მარტს 37.5 სიცხე დაუფიქსირდა. დღეს კი კორონავირუსის გამორიცხვისთვის ანალიზი აუღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს.

"ქმართან ერთად არის კარანტინში, ხვალ გასდიოდათ ვადა და უნდა გაგვეწერა. აქამდე არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა, დღეს სიცხეც აღარ აქვს. პასუხი შეიძლება, დღეს გვიანაც მივიღოთ. თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ხვალ გავწერთ", - გვითხრა კახა ბერიძემ.

ამ დროისთვის აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ორკვირიან საკარანტინე პერიოდს 11 პირი გადის.