მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცქიტიშვილი: რაჭაში პრაქტიკულად ყველა სოფელთან აღდგა გზა

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ჟურნალისტებთან

„რაჭა არის ის მაგალითი, სადაც ერთობლივი მუშაობით შევძელით, სტიქიიდან დაახხლოებით 10 დღის შემდეგ პრაქტიკულად, ყველა სოფელთან საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა“,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 5 სოფელთან, დასახელებული ერთთვიანი ვადის ნაცვლად, მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი, შემდეგ კი კაპიტალური აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

„ამასთან ერთად, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან აქტიური მუშაობა გასწიეს ჩვენი სამინისტროს კონტრაქტორმა კომპანიებმა. ისინი 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ ურთულეს მონაკვეთზე ენერგო პროს და მაგთის თანამშრომლებთან ერთად და შედეგად, გზებთან ერთად, მოკლე ვადებში აღადგა სოფლების ელექტრომომარაგება და მობილური კავშირგაბმულობა“-, განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი აქვთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, რომლებიც გაწმენდით სამუშაოშიც მონაწილეობენ.

„რაჭაში700 სასურსათო პაკეტზე მეტი დარიგდა, ასევე მოხდა ყველა დაზიანებული სახლის აღწერა, განისაზღვრა საკომპენსაციო ღონისძებები და რაც მნიშვნელოვანია, ბევრი მოხალისე, უშუალოდ მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, მოსახლეობასთან ერთად ჩართულია დატბორილი ადგილების გაწმენდით სამუშაოებში“,- აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინსიტრმა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სტიქიის მართვის პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულეს საგანგებო სამსახურებმა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სტრუქტურული ერთეული წარმოუდგენელ შორმას ასრულებდნენ 24 საათიან რეჟიმში. 2 მოქალაქეს, რომელიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა, მაშველების ჯგუფმა 10 კილომეტრის მანძილზე ფეხით მიაწოდა წამალი“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ სტიქიის მასშტაბის გათვალისწინებით, რაჭაში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების დასრულებას, გარკვეული პერიოდი კიდევ დასჭირდება.

ცნობისთვის, რაჭაში სტიქია 28 ივლისს მოხდა, რის შედეგადაც დაზიანდა ხიდები, გზის სავალი ნაწილი, გარემოს 12-მდე სოფელი მოწყდა.