მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2021 წელს პენსია გაიზრდება

მოხუცი ჯოხით

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, 2021 წელს პენსია გაიზრდება.

კერძოდ, პროექტის თანახმად, 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და განისაზღვრება 240 ლარით. ხოლო, 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში მიმდინარე წელს შეტანილი ცვლილებების თანახმად განისაზღვრა, რომ 2021 წლიდან საპენსიო ასაკის მოსახლეობას სახელმწიფო პენსია გაეზრდება ყოველწლიურად,
კანონმდებლობით დადგენილი ფორმულის მიხედვით, კერძოდ:

70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის მიმდინარე წლის სახელმწიფო პენსია (220 ლარი) უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის ზრდა შეადგენს 15 ლარს (13.9 ლარი დამრგვალებული უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე), რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულ მინიმალურ ზრდაზე ნაკლებია, შესაბამისად 2021 წელს პენსია გაიზრდება 20 ლარით.

70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის მიმდინარე წლის სახელმწიფო პენსია (250 ლარი) უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტლის რეალური ეკონომიკური ზრდის 80%-ის
ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის ზრდა შეადგენს 20 ლარს (19.2 ლარი დამრგვალებული უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე), რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულ მინიმალურ ზრდაზე ნაკლებია, შესაბამისად 2021 წელს პენსია გაიზრდება 25 ლარით“,- აღნიშნულია 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა. ეს არის პირველადი ვერსია. ბიუჯეტის პარამეტრები დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებისას გადაიხედება. პარლამენტმა ბიუჯეტის პროექტი მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს, შესაბამისად მას ახალი, მე-10 მოწვევის პარლამენტი მიიღებს, რადგან წელს საარჩევნო წელია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.