მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

3 მიზეზი, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს

რატომ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ? 2020 წ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაახლოებით 2 თვეა არ ფუნქციონირებს, რამაც მოსახლეობას მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განცხადებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს.

"საზგადოებრივი ტრანსპორტი არ არის მხოლოდ უბრალოდ ტრანსპორტი და მობილობის უზრუნველყოფა, ის გათანაბრებულია პოლიციიისა და ჯანდაცვის სამსახურებთან. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არც გერმანიაში, არც ესპანეთსა და იტალიაში, არსად ევროპაში არ აკრძალულა, რადგან მისი აკრძალვა არ შეიძლება",- აცხადებს დავით მესხიშვილი PIA.GE-სთან საუბარში.

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის დაუყოვნებლივ აღდგენის მოთხოვნისას, სპეციალისტი იმ პორბლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მოსახლეობას ყოველდღიურ ცხოვრებას ურთულებს და რაც მთავარია, საფრთხის ქვეშ აყენებს ბევრი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

პირველი ეს არის სამედიცინო დაწესებულებებში მისვლის გართულება ან ხშირ შემთხვევაში შეუძლებლობა.

"მაშინ, როცა ქვეყანაში ეპიდემიაა და გაზრდილია ავადობის რისკი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა დაუშვებელია. ასეთ დროს კი არ უნდა შემცირდეს ტრანსპორტის გადაადგილება, პირიქით, უნდა გაიზარდოს კიდეც, რადგან მრავალ ადამიანს არ ჰყავს საკუთარი ავტომობილი და ასევე არ შეუძლია ტაქსის საფასურის გადახდა. ქვეყანაში ასეულ ათასობით სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს, რომელთა გადაადგილების ერთადერთი საშუალება, იყო, არის და რჩება მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს ეხებათ პენსიონერებსაც, როდესაც მათ აფთიაქამდე მისასვლელად, შესაძლოა რამდენიმე კილომეტრის გავლაც სჭირდებოდეთ, რადგან ქალაქი არ არის ასე იდეალურად მოწყობილი ურბანულად. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს გაძნელებული აქვთ ექიმთან მისვლა. ეს ყველაფერი, სახელმწიფომ, პრაქტიკულად, გააჩერა და მოქალაქეებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების მიღება აუკრძალა",- აღნიშნავს დავით მესხიშვილი.

მეორე, რის გამოც საზოგდაოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება უნდა აღდგეს, ეკონომიკისთვის მიყენებული უდიდესი ზარალია.

"ტრანსპორტის აკრძალვა ნიშნავს ეკონომიკის გაჩერებას, არა ხანგრძლივ პერსპექტივაში, არამედ აკრძალვის მომენტიდან. მთავრობა ეკონომიკის გამოღვიძებსა და საწარმოების, სალონებისა თუ სავაჭრო ობიექტების გახსნაზე საუბრობს, თუმცა, ეს მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის გარეშე წარმოუდგენელია. დასაქმებული ადამიანები ვერ, ან ძალიან ძვირად ახერხებენ სამუშაო ადგილებამდე მისვლას. ადამიანისთვის, რომელსაც 500-600 ლარი აქვს ხელფასი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყოველდღიურად სამსახურში ტაქსით სიარული. ყველა ასეთი ობიექტი პრაქტიკულად, განწირულია დახურვისთვის. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე ეკონომიკა არის მკვდარი და მისი ოდნავადაც კი გაღვიძება ვერ მოხდება",- ამბობს დავით მესხიშვილი.

მესამე მიზეზად სპეციალისტი, ხელისუფლების მიერ საკუთარი მოქალაქეებისადმი არაჰუმანურ მოპყრობას ასახელებს. მისი თქმით, დედაქალაქისა და ქვეყნის მთავრობა, იმის მაგივრად, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის ახალი სტანდარტებით აღდგენისთვის ემზადებოდეს, მოქალაქეების მიმართ არაადამიანურ დამოკიდებულებას იჩენს.

"სოციალურად გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის, ვისაც საკუთარი ავტომანქანა ჰყავს ან ტაქსის საფასურის გადახდა პრობლემა არ არის, გადაადგილება დაშვებულია. ეს კი გაჭირვებული მოქალაქეების მიმართ არაჰუმანური დამოკიდებულების მაგალითია, რაც სახელმწიფოს მხრიდან გაუმართლებელ ქმედებას წარმოადგენს",- აღნიშნავს დავით მესხიშვილი.

სპეციალისტის პოზიციით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აუცილებელია აღდგეს უმოკლეს ვადებში და ხელისუფლებამ უზრუნველყოს იმ რეკომედაციების დაცვა, რაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების საფუძველზე, უკვე შეიმუშავეს:

  მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა არის პრიორიტეტი, ამიტომ მუნიციპალიტეტებში გაზარდეთ ავტობუსების რაოდენობა მინიმუმ ორჯერ. რაოდენობის გასაზრდელად გამოიყენეთ საქალაქთაშორისო ავტობუსები, აგრეთვე ტურისტულ კომპანიებზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებები. ორივე ეს მიმართულება დღეს გაჩერებულია გაურკვეველი ვადით, ავტოტრანსპორტი თავისუფალი, ხოლო პერსონალი დაუსაქმებელი;

 ამ გზით შემცირდება ლოდინის დრო, აგრეთვე, საზ-ტრანსპორტში შემცირდება მგზავრებს შორის სიმჭიდროვე; მაგალითად, დედაქალაქში ავტობუსების რაოდენობა გაზარდეთ 1 500-მდე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ხარჯზე; საზ-ტრანსპორტი მგზავრებით უნდა დაიტვირთოს მხოლოდ 50 %-ით;

 ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და ტაქსიშიც დაამონტაჟეთ მძღოლის სივრცის მგზავრებისგან გამოსაყოფი დამცავი. უზრუნველყავით მძღოლები ყველა საჭირო დამცავი საშუალებით;

 ჩამოაყალიბეთ დროებითი სამსახური: „მგზავრის დამხმარე პერსონალი“, რომლის მთავარი ფუნქციაა, მგზავრებს ადგილზე მიაწოდოს რეკომენდაციები, გააცნოს საგანგებო წესები და მიუთითოს წესების დაცვისკენ. ჩვენ შემთხვევაში, ასეთი ფუნქცია გადამზადების შემდეგ შეიძლება შეასრულონ „კონტროლიორებმა“;

 დააწესეთ ყოველდღიური კონტროლი მძღოლების ჯანმრთელობაზე;

 განალაგეთ სპეციალური ნიშნულები და დისტანციის მიმთითებელი ნიშნები ყველა სატრანსპორტო საშუალებაში, ავტობუსში, მიკროავტობუსში, ავტოსადგურში, გაჩერებაზე, მეტროს მოსაცდელ სადგურსა თუ მატარებლის ვაგონში;

✅ საზ-ტრანსპორტით მგზავრობისას სავალდებულო გახდეს პირბადის გამოყენება, როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრისთვის;

 მონიშნეთ დასაჯდომი ადგილები, რათა მგზავრებმა დაიცვან მოთხოვნილი მანძილი. შეამოწმეთ ნიშნულები ყოველდღიურად, რომ მისი დაზიანების ან მოძრობის შემთხვევაში დროულად შეცვალოთ ახლით;

✅ მგზავრები ავტობუსში ჩასხდომა/გადმოსხდომისას სარგებლობენ სხვადასხვა კარით;

 საზ-ტრანსპორტში დაამონტაჟეთ მოწყობილობა (სანიტაიზერი) ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ხსნარის მისაღებად;

 აკრძალეთ კონდიციონერის გამოყენება, რათა თავიდან ავირიდოთ ჰაერის დახურულ სივრცეში ცირკულაცია. გაიხსნას სატრანსპორტო საშუალებების ფანჯრები, ბუნებრივი ვენტილაციის მისაღებად;

 ჩაატარეთ სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ავტობუსების გაჩერებებზე, ავტოსადგურებში, მეტროსადგურებში და თავად სატრანსპორტო საშუალებებში. აგრეთვე მეტროსა და მატარებლების ვაგონები დაამუშავეთ შესაბამისი ხსნარით;