მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხეში ათობით ხე ამოძირკვეს

ხეების ამოძირკვა

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ტირიფები ამოძირკვეს. ათობით ხის მოთხრის მიზეზად, თვითმმართველობაში მცენარეების მდგომარეობას ასახელებენ.

მერიაში ამბობენ, რომ ხეების ამოძირკვა ადგილობრივებმა მოითხოვეს, რადგან გაზაფხულზე, ყვავილობის დროს, ხის ნაწილაკები მოსახლეობას დისკოფორტს უქმნიდა.

„გარდა იმისა, რომ ზოგიერთი ხე დაზიანებული და ხანდაზმული იყო, მათი ამიძირკვა მოსახლეობის თხოვნით მოხდა, რადგან ტირიფის ჯიშს მიეკუთვნებოდნენ და ყვავილობის პერიოდში მათგან გამოყოფილი "ბურტყლი " ალერგიას იწვევდა და დისკომფორტს ქმნიდა. მოეწყობა ხეებისთვის სპეციალური ადგილები და წელსვე დაირგვება სხვადასხვა ჯიშის დიდი ზომის ნარგავები“, - განაცხადეს მერიის პრესსამსახურში.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ზედა საფარის მოწყობამდე, შპს „კეთილმოწყობამ“ ათობით დიდი ხე ჯერ გადაბელა, შემდეგ ამოძირკვა. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, მათ ადგილზე ახალ ნერგებს დარგავენ.

„წელს უკვე 600-ზე მეტი ნარგავია დარგული. მიმდინარე სამუშაოებს დავასრულებთ ზაფხულში. ახლა ვრგავთ დაახლოებით, 250 ნარგავს, კეთილშობილი კატეგორიის იფანი, არყი და ცაცხვის ჯიშები, რომლის გამოყოფილი „ბურტყლი“ მოსახლეობას დისკომფორტს აღარ შეუქმნის. ეს სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მიმდინარეობს“, - აღნიშნა კობა კურტანიძემ.

ხეების მოთხრას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ყველა ხე ხმელი არ იყო და ჯანმრთელი ტირიფები არ უნდა ამოეძირკვათ.