მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხეში კათოლიკე და სომხურმა თემმა ბზობის წირვა ცარიელ ტაძრებში აღავლინა

კათოლიკურ ტაძარში

კათოლიკე და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დღეს, ხუთ აპრილს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლა – ბზობის დღესასწაული იზეიმა.

სადღესასწაულო ლიტურგია განსხვავებული წესით აღევლინა. წირვას მრევლი არ ესწრებოდა. ცარიელ ტაძრებში ბზა იკურთხა, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. მცენარის რტოების სახლში წაღება მლოცველებს ეკლესიიდან შეეძლებათ.

მანამდე კი, ბზობის დღესასწაულისა და აღდგომის კვირის შესახებ, გუშინ, 4 აპრილს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მესამე დეკრეტი გამოსცა, სადაც ნათქვამია, რომ არა მხოლოდ ბზობის დღესასწაული, არამედ დიდი ხუთშაბათის, წითელი პარასკევისა და სააღდგომო ღამისთევის ღვთისმსახურებებიც მრევლის გარეშე აღევლინება.

„ბზობის კვირადღეს, (5 აპრილს) მსახურება ჩატარდეს სამრევლოს ტაძრებში, უფლის იერუსალიმში შესვლა აღინიშნოს მარტივი ფორმით, პროცესიის გარეშე. იკურთხოს ტოტები (პალმის, ზეთისხილის ან ბზის) კონდაკში მოცემული რიტუალით. ნაკურთხი ტოტები დარჩეს ეკლესიაში, ნაწილი კი გადატანილი იქნას იმ ტაძრებში, სადაც მსახურება არ ჩატარდება, რათა მორწმუნეებს შეეძლოთ მოსვლა ამ დღის ან დიდი კვირის განმავლობაში და შექუჩების გარეშე მათი წაღება“, - ნათქვამია ეპისკოპოსის დეკრეტში.

მანამდე კი, ეპისკოპოსმა კიდევ ერთი დეკრეტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც 17 მარტიდან ეკლესიაში ზიარების წესი შეიცვალა, 20 მარტიდან კი ტაძრებში მრევლის მონაწილეობით წირვები შეწყდა.