მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: რუსეთი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი

პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020

"უკვე დიდი ხანია, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი. ეს რუსმა კოლეგებმა როგორმე უნდა გაითავისონ", - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ლუგარის ლაბორატორიაზე, სადაც ნათქვამია, რომ ლაბორატორიაში ვიზიტს მაშინ ექნება აზრი, თუ რუსი ექსპერტები ყველა შენობაში შეძლებენ შესვლას და წვდომა ექნებათ სასურველ დოკუმენტებზე.

მისი თქმით, რუსეთის დელეგაცია მხოლოდ საერთაშორისო დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად შეძლებენ ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტს.

"რას ნიშნავს ჩამოვლენ, ყველა კუთხე-კუნჭულში შევლენ და ა.შ?! ისევე მოვა ლუგარის ლაბორატორიაში რუსი, როგორც სხვა ერის წარმომადგენელი. რამდენიმეჯერ მოვიწვიეთ რუსები, ოღონდ არა მარტო რუსები. ამას არ დავუშვებთ ჩვენ, რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია. ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში.

ბევრჯერ არიან ნამყოფი რუსი ჟურნალისტები, მეცნიერები, ლუგარის ლაბორატორიაში, ნანახი აქვთ რასაც ვაკეთებთ.

ყველა ეს გამოხტომა, რაც ეხლა ხდება, ეს განცხადებები კეთდება გარკვეული პერიოდულობით, რომელსაც პოლიტიკური სარჩული აქვ", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.