მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის ელჩი: ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაციის მართვას თავი ძალიან კარგად გაართვა

გვენეტაძე და დეგნანი ეროვნულ ბანკში

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პარტნიორობისა და ამ ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობების საკითხებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად.

„მხარეებმა განიხილეს საფინანსო სექტორში არსებული აქტუალური საკითხები და მიმდინარე პროექტები. კობა გვენეტაძემ ისაუბრა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე, COVID-19-ის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ეკონომიკის წახალისების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის შესახებ, რომელიც ხელს უწყობს დონორი ორგანიზაციებიდან საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის მოზიდვას. აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში საქართველომ ერთი წლით გააგრძელა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი გაფართოებული დაფინანსების სამწლიანი პროგრამა და ის 2021 წლის აპრილში დასრულდება“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

შეხვედრაზე კობა გვენეტაძემ ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის მთვარობის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობის შესახებ.

„მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებული როლი საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტიტუციონალური და სისტემური რეფორმების გატარების საქმეში. აღსანიშნავია რამდენიმე მასშტაბური პროექტი, რომელიც აშშ - ის განვითარების სააგენტოს დახმარებით განხორციელდა, რის შედეგადაც რადიკალურად შეიცვალა და გაუმჯობესდა ანგარიშსწორების, საგადახდო, ფასიანი ქაღალდებისა და საერთაშორისო რეზერვების მართვის სისტემები. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის მასშტაბის შესახებ და იმ გეგმაზე, რომლითაც საქართველო უმკლავდება ამ გამოწვევას. ვისაუბრეთ ფინანსურ სისტემაზე, ფინანსურ დახმარებაზე, რომელსაც უკვე იღებს საქართველო, და ასევე პანდემიის გავლენაზე ფინანსურ სექტორზე, ფინანსურ განათლებასა და თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ცოტახანში გვეყოლება მრჩეველი ამერიკის ხაზინიდან, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებაში გაგვიწევს დახმარებას, რისთვისაც მადლობა გადავუხადე ქალბატონ ელჩს და ვფიქრობთ, მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

შეხვედრაზე კელი დეგნანმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საბანკო სექტორში დაგეგმილი რეფორმების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ძალიან შინაარსიანი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მიმდინარე თანამშრომლობის შესახებ ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური ზრდისა და მართვის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა ძალიან კარგად გაართვა თავი ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაციის მართვას და უზრუნველყო ის სტაბილურობა, რომელიც ქვეყანას და მის ეკონომიკურ მართვას ასე სჭირდებოდა. მოხარულნი ვართ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გუნდს შემოდგომაზე ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის წარმომადგენელი შეუერთდება, კაპიტალის ბაზრის მართვასა და განვითარებაზე მუშაობისთვის; ეს არის სფერო, სადაც დამატებითი სამუშაოა განსახორციელებელი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას უფრო გავაფართოვოთ ჩვენი თანამშრომლობა. რა თქმა უნდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ასევე ვისაუბრეთ სხვა შესაძლებლობებზე კავშირების გაფართოების მიმართულებით“, - აღნიშნა დეგნანმა.

ფინანასური განათლების თემებსაც შეეხო და ვრცლად ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

კობა გვენეტაძემ კელი დეგნანს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და სახსოვრად ვერცხლის საკოლექციო მონეტა გადასცა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოუშვა.