მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის დედა: საქმე უბრალო მოკვდავის გაკეთებული რომ იყოს, აქამდე მილიონჯერ გამოიძიებდნენ

გარდაცვლილ ბაჩიაშვილის დედა

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლას არ აპირებს.

თამაზაშვილი ამბობს, რომ შს სამინისტროს უნდობლობას უცხადებს. მისივე თქმით, ოჯახის სურვილია, საქმე გამოსაძიებლად თავიდან ბოლომდე გენერალურ პროკურატურას გადაეცეს.

„ბატონ შოთაძეს ვუთხარი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არ მივალ. ვუთხარი, რომ მასთან მივალ და გავეცნობი საქმის მასალებს. მითხრა, რომ გასაანალიზებლად დრო სჭირდება. პასუხს სავარაუდოდ ორშაბათს მივიღებ. სავარაუდოდ შსს-სთან კონსულტაციებს გამართავს. ორ უწყებას შორის დაპირისპირება ალბათ არ უნდა. შსს-ს უნდობლობას ვუცხადებ. შემოვარდნენ და მითხრეს, სამეგრელოში ახალგაზრდა გოგომ ანალოგიურად თამუნას მსგავსად თავის მოკვლა სცადაო. ეს რას ნიშნავდა? დაადგინეს უკვე, რომ თამუნამ თავი მოიკლა ? ყველაფერი გააყალბეს, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ წაეშალათ მიმოწერები, ისეთი პირებია ჩართული, რომ არ უნდათ საქმის გამოძიება, თორემ ჩვეულებრივი მოკვდავის გაკეთებული რომ ყოფილიყო, აქამდე მილიონჯერ გამოიძიებდნენ“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თეონა თამაზაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ბაჩალიაშვილის მშობლები ორშაბათს გენერალურ პროკურორს მესამედ შეხვედებიან. საგამოძიებო უწყებაში მათ სავარაუდოდ, სოციალური ქსელებიდან წაშლილ და FBI-ს მიერ აღდგენილ მიმოწერებს გააცნობენ.

თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.