მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის დედა შიმშილობას იწყებს

თეონა თამაზაშვილის დედა

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, ოჯახი გამოძიებას არ ენდობა, რის გამოც ის პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს.

„ალბათ დღედაღამ არ სძინავთ, რადგან თვითონ არიან დამნაშავე ჩემი შვილის სიკვდილში. მე აქ იმიტომ მოვედი დღეს, რომ განვაცხადო, მივმართავ პროტესტის უკიდურეს ზომას და ვიწყებ შიმშილობას“,- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან პროკურატურის შენობასთან.

მან საზოგადოებას და დედებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. როგორც გარდაცვლილის დედა აღნიშნავს, მხოლოდ FBI-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას ენდობა და არ სჯერა შსს-ს განცხადების, რომ თამარი თვითმკვლელობაზე ფიქრობდა.

თეონა თამაზაშვილის განცხადებით, ოჯახი თამარის გარდაცვალების საქმის გამოძიებას საკუთარი ძალებით და ემიგრანტების ფინანსური დახმარებით ეცდება.

„ემიგრანტებმა მომწერეს, რომ ფულს აგროვებენ და გასამრჯელოდ მომაწვდიან მისთვის, ვინც ჩემი შვილის საქმეზე ღირებულ ინფორმაციას მოგვაწვდის“, - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა 4 აგვისტოს აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართა და გამოძიებაში FBI-ის ჩართვა მოითხოვა.

23 წლის პროგრამისტის კომპიუტერში არსებული მასალების გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ლეპტოპის მეხსიერებაში მხოლოდ ფოტო და ვიდეომასალა იყო.

თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.