მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსსა და ლიეტუვაში საქართველოს მოქალაქეებს, სამშობლოში დაბრუნებამდე დროებითი თავშესაფარი მისცეს

ფასადი

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო სირთულეები შეექმნათ, ბელარუსის და ლიეტუვის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოებმა დროებით საცხოვრებლით და პირველადი საჭიროების პროდუქტებით უზრუნველყვეს. საელჩოებმა მათ ასევე გაუწიეს დახმარება საქართველოში გამოსამგზავრებლად.

მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოების ცხელ ხაზს მიმართეს.

ბელარუსში საელჩოს ხელშეწყობით, 20 და 21 მარტს ავიაკომპანია "ბელავიამ" განახორციელა ორი რეისი მინსკი-თბილისი და ერთი რეისი მინსკი-ბათუმი, რომელთა მეშვეობით ასობით საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. ასევე, საელჩოს დახმარებით, მინსკი-ერევნის რეისებით, საქართველოში ბელარუსიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში დაბრუნდა 220-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე. საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც პანდემიის გამო აღმოჩნდნენ რთულ ფინანსურ ვითარებაში, საელჩომ და ბელარუსში ქართულმა დიასპორამ უზრუნველყვეს დროებითი საცხოვრებლით, საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით.

ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ვილნიუსი-მინსკი-ერევნის რეისით, საქართველოს 11 მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. საელჩომ მოახდინა მათი ორგანიზებულად მიყვანა აეროპორტში და საკვებით მომარაგება. საქართველოს ოთხი მოქალაქე, რომელიც არსებული ვითარებიდან შექმნილი რთული ფინანსური მდგომარეობის გამო დარჩა საცხოვრებლის გარეშე, საელჩომ უზრუნველყო დროებითი თავშესაფრით, საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით. ასევე, საელჩოს დახმარებით ორი მოქალაქე დასაქმდა სამშენებლო კომპანიაში, სადაც მათ ექნებათ შესაბამისი ანაზღაურება და გამოეყოფათ საცხოვრებელი ფართი. ამავე დროს, საელჩომ პირადი ხარჯებით მოახდინა ერთი პირისათვის ავტობუსის ბილეთის შეძენა ლიეტუვა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტიდან ვილნიუსამდე ჩამოსასვლელად და ხელი შეუწყო მის დასაქმებას ადგილობრივ საწარმოში.

საელჩოები საქართველოს მოქალაქეებთან რჩებიან მუდმივ კავშირზე, კონსულტაციას უწევენ და ინფორმაციას იღებენ მათი საჭიროებების შესახებ.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გავრცელების ფონზე, საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და შესაბისი უწყებების ძალისხმევით, ამ ეტაპზე სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს. საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების უზრუნველყოფას.