მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრალდებული ანესთეზიოლოგი: არ გავქცეულვარ, აქტიურად ვთანამშრომლობდი საგამოძიებო ორგანოებთან 

ანესთეზიოლოგი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ანესთეზიოლოგი მაგდა ხოჭოლავა, რომელსაც ბრალი ედება ამჟამად კომაში მყოფი 25 წლის პაციენტის ოპერაციაში უკანონოდ ჩართვაში, განცხადებას ავრცელებს.

ის არ ეთანხმება ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყების მიერ წარდგენილ ბრალს და იმედი აქვს, მალე სასამართლო ობიექტურ და სამართლიანი გადაწყვეტილებას მიიღებს.

მისივე თქმით, ტელევიზიით არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან გამოძიებისთვის თავის არიდების მიზნით ქვეყანა განზრახ დატოვა და იტალიაში გაემგზავრა.

„უნდა აღინიშნოს, რომ 25 წელზე მეტია აქტიურად ვეწევი ლიცენზირებულ, დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ანესთეზია-რეანიმაციის მიმართულებით, 10 წელი ვმუშაობდი, შესაბამისი ლიცენზიის ფარგლებში, ანესთეზიოლოგად საქართველოში და ბოლო 15 წელიწადია ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ იტალიაში ბერგამოს საუნივერსიტეტო კლინიკაში, რამაც განაპირობა, განვითარებული მოვლენების დროს, ჩემი ქვეყანაში არ ყოფნა. შესაბამისად, ვაცხადებ, რომ გაჟღერებული ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მეტიც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აქტიურად ვთანამშრომლობდი საგამოძიებო ორგანოებთან და სიმართლის დადგენის მიზნით, მომავალშიც მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, - აცხადებს ხოჭოლავა.

ცნობისთვის, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, კომატოზურ მდგომარეობაში 25 წლის ქალი 20 თვეზე მეტია იმყოფება.

საქმეზე „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს“ გენერალური დირექტორი და ექიმია დაკავებული, ხოლო მეორე ექიმი, იმის გამო, რომ ქვეყანაში არ იმყოფება, ბრალდებულად დაუსწრებლად სცნეს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ცენტრალური საავადმყოფო პროკურატურის ბრალდებებს აბსურდულად მიიჩნევს.