მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრალდებული ქირურგის მამა: მინისტრმა დაადასტურა, რომ ვახტანგ ყიფიანი გაუგებრობის მსხვერპლია

სისხლძარღვთა ქირურგი

„ჩემთვის წარმოუდგენელი ტრაგედია პროკურორის და მასმედიის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ თითქოს ვახტანგ ყიფიანი თაღლითია“, - ამის შესახებ 25 წლის კომაში მყოფი პაციენტის საქმეზე ბრალდებული ქირურგის მამამ, აგრეთვე ქირურგმა, კონსტანტინე ყიფიანმა განაცხადა.

ამასთანავე, მან ახალგაზრდა ქალის ოჯახის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა.

„მინდა დიდი თანაგრძნობა გამოვხატო პაციენტის მშობლების მიმართ, რა თქმა უნდა, მათი ტრაგედია ვერ შეედრება ჩემი შვილის სირთულეებს. მინდა ვთქვა, რომ პირველი დღიდან, როდესაც მოხდა ეს შემთხვევა, ვიყავი საქმის კურსში ეტაპობრივად, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციული ჩარევა არ იყო დაწყებული.

45 წელია ვმუშაობ სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გამარჯვებული არ ვყოფილვარ. მერწმუნეთ, ყოველთვის ვაანალიზებდი, იქნებ სხვანაირად გამეკეთებინა ჩარევა, იქნებ მე დავუშვი შეცდომა. ეს მარტო ჩემი არა, დამიჯერეთ, ყველა ქირურგის ხვედრია. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რომ ასეთი სულისკვეთებით ვზრდიდი ჩემს მოწაფეებს და, რა თქმა უნდა, უფრო მომთხოვნი ვიყავი ჩემი შვილისადმი. ჩემთვის წარმოუდგენელი ტრაგედია იყო მოსმენა პროკურორის და მასმედიის მხრიდან გაკეთებული განცხადებისა, რომ თითქოს „ვახტანგ ყიფიანი თაღლითია“ და არა ის, რომ ვახტანგი დააპატიმრეს. ეს დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე, ტყუილად მიცხოვრია!

მეორე დღეს, როცა სამედიცინო საზოგადოება და მე შევხვდით მინისტრს, ვისაუბრეთ არა მარტო ვახტანგზე, არამედ ლიცენზირებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე და დავსახეთ კონკრეტული გეგმები, როგორ გამოვასწოროთ ხარვეზები, რომ აღარ განმეორდეს შემდეგში ასეთი შეუსაბამობა. განხილვის შემდეგ ქალბატონმა ეკატერინემ დაადასტურა, რომ ვახტანგი გაუგებრობის მსხვერპლია, ჩემზე ბედნიერი იმ წუთებში ალბათ არავინ არ იყო. მე ნაკლებად მადარდებდა რომ ის იყო დაკავებული, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ვახტანგს უახლოეს ხანში გამოუშვებდნენ ციხიდან და საქმე გადავიდოდა ნორმალურ სამართლებრივ ჩარჩოში.

სამედიცინო საზოგადოების პროტესტი გამოიწვია არა ვახტანგის უსაფუძვლო დაკავებამ, არამედ ექიმებმა დაინახეს, რა დიდი რისკის ქვეშ შეიძლება იყოს თითოეული მათგანი, გაუგებრობამ, როგორი უსამართლობის მსხვერპლად შეიძლება აქციოს ისინი. ექიმის საქმიანობა ისედაც წარმოადგენს უდიდეს რისკს, ნებისმიერი ჩარევა შეიძლება არ დამთავრდეს დადებითი შედეგით, სხვადასხვა მიზეზის გამო და თუ ექიმს აქვს შეგრძნება დაუცველობის, მერწმუნეთ პირველ რიგში დაზარალდება პაციენტი.

მე და ჩემი კოლეგები ვეცადეთ, რომ თავიდან აგვეცილებინა საკითხის პოლიტიზირება, რადგან ვხვდებოდით, აქ პოლიტიკური მიმართულებისთვის მყარი ნიადაგი მოიძებნებოდა. მე მადლიერი ვარ ყველა პოლიტიკოსის, რომელიც გაგებით შეხვდა ამ საკითხს და დღევანდელი მდგომარეობით ეს მიღწეულია.

რაც შეეხება შემდგომ ეტაპებს ჩემი ცხოვრებისა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანში ვახტანგს გაათავისუფლებენ წინასწარი პატიმრობიდან და სასამართლოში გამოჩნდება სიმართლე. შემდეგ ეტაპად, ჩემი კოლეგების დახმარებით, მხედველობაში მაქვს დარგობრივი ასოციაციები, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უნდა ვიმუშაოთ საკანონმდებლო ბაზაზე, რომ სხვაც არ გახდეს მსგავსი უსამართლობის მსხვერპლი,“ - განაცხადა ყიფიანმა.

ცნობისთვის, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს, ქირურგ ვახტანგ ყიფიანს და ამავე კლინიკის კიდევ ერთ ექიმს სამსახურეობრივი გულგრილობასა და უკანონო საექიმო საქმიანობაში ბრალი ედებათ.