მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაჭრილი მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი მიმართვას ავრცელებს

დაჭრილი მორაგბე

მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი, რომელიც 16 სექტემბერს რაგბის კავშირში დაჭრეს, სოციალური ქსელით მიმართვას ავრცელებს.

როგორც სპორტსმენი აღნიშნავს, ამ დროისთვის სალხში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

„ძალიან დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და ყურადღებისთვის. ამჟამად კარგად ვარ, სახლში ვიმყოფები და მაქვს წოლითი რეჟიმი. საბედნიეროდ ძვალი არ არის დაზიანებული და ოპერაციამაც მარტივად ჩაიარა. ყველამ ვინც მომიკითხა და ყურადღება გამოიჩინა კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას ამის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არანაირი ბრალი არ მიმიძღვის გუშინდელ შემთხვევაზე, გარედან მაინც ძალიან არასასიამოვნო სანახავია ეს ფაქტი, რაც თავის მხრივ აზიანებს აქამდე სიმწრით და წვალებით მოტანილ სარაგბო რეპუტაციას. რაგბი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სპორტი, ეკუთვნის საზოგადოებას და სპორტსმენისთვის ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა ღირსეულად წარმოადგენდეს ამა თუ იმ სახეობას“,- აღნიშნავს მორაგბე მიმართვაში.

რამაზ ხარაზიშვილის მომხდარს იხსენებს და წერს, რომ მერაბ ბესელია შემთხვევის დღეს ნასვამი და აგრესიული იყო.

„რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას: მოგეხსენებათ, ვარ კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრი და კავშირის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, რომელიც სახელმწიფო მხარდაჭერით შეიქმნა (ბოლო დროს ბევრი კარგი საქმე უკავშრდება ამ ჯგუფს და საბჭოს). გუშინ მივდიოდი რაგბის კავშირში სამუშაო შეხვედრაზე, სადაც უნდა განგვეხილა სიტუაცია კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით და კლუბები უნდა გაცნობოდნენ პროტოკოლებს ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით. რა დროსაც კარებთან დამხვდა ნასვამი მერაბ ბესელია (რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი), რომელიც ბოლო დროს საერთოდ ჩამოშორებულია საქმიანობას და არც მანამდე გამოირჩეოდა დიდი შრომისმოყვარეობით. მას და გამგეობის თავმჯდომარეს ჰქონდათ დაძაბული საუბარი რა დროსაც დამიძახა, დამისვა სხვადასხვა პროვოკაციული კითხვა, იყო აგრესიული და როდესაც ჩემგან მიიღო ადეკვატური პასუხები და კონტრკითხვაზე პასუხი ვეღარ გამცა, ამოიღო იარაღი და მესროლა ორჯერ.

ამ დროს ხელში მეჭირა წყლის ბოთლი, ყავა და ვიყავი ზურგჩანთით. ამით იმის თქმა მინდა, რომ არანაირი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა ჩვენ შორის არ ყოფილა, სანამ იარაღს ამოიღებდა და მესროდა. არც მანამდე მქონია მასთან დაპირისპირება და კავშირის არცერთ მოქმედ თუ ყოფილ ჩინოვნიკს არ დავპირისპირებივარ! ერთადერთი, რასაც ვაკეთებდი ბოლო თვეების განმავლობაში იყო ის რომ ვსაუბრობდი ფაქტებით და ვსაუბრობდი სიმართლეს!“, - აცხადებს სპორტსმენი.

მისი თქმით, რაგბის სამყაროში დაპირისპირება ახალი არაა.

„რაგბის სამყაროში დაპირისპირება არსებობს და ეს გუშინდელმა ფაქტმაც დაამტკიცა. მე და იმ ბიჭებს (საინიციატივო ჯგუფი და თითქმის ყველა ქართული კლუბის წარმომადგენელი), ვინც სიმართლეს ვლაპარაკობთ, ვერც იარაღით შეგვაშინებენ და ვერც სხვა რადიკალური ქმედებებით, მაგრამ საზოგადოების თვალში რეპუტაცია ნამდვილად გვეცლება და ჩვენი ყველაზე დიდი წუხილი ამას შეეხება. ეს უარყოფითად იმოქმედებს მომავალი თაობის რაგბით დაინტერესებაზე და აუცილებლად, სასწრაფოდ არის გამოსასწორებელი.

ყველასთვის ცნობილი და მარტივად გასაგები რომ გახდეს, რაგბის სამყარო ისევ ისეთია, როგორიც იყო და რითიც აქამდე ასე ვამაყობდით, უბრალოდ აქ ერთ მხარეს არიან პატიოსანი და მშრომელი მოთამაშეები, მწვრთნელები და ის ხალხი, ვის მხრებზეც ყველაფერი გადადის. ხოლო მეორე მხარეს ჩინოვნიკების ჯგუფი, ადამიანები რომლებიც ბოლო 10 წელია მართავენ კავშირს, რაგბი ჩაძირეს და კრიზისამდე მიიყვანეს. ესეც არ აკმარეს და ახლა ჩირქს ცხებენ გუშინდელის მსგავსი ქმედებებით და ხალხის თვალში უკარგავენ ყველანაირ პატივისცემას.

საბოლოოდ, არ მინდა პოლიტიკური განცხადების გაკეთება, რადგან ჩემი ადგილი არის მოედანზე, მე ვარ მოქმედი მორაგბე და რომ არა ეს გაუსაძლისი პრობლემები საერთოდ არ ჩავერთვებოდი ამ პროცესებში. ამიტომ ჩემი პირველი ამოცანა დღეს მოედანზე დაბრუნებაა და ამას ძალიან მალე მოვახერხებ.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ყურადღება გადატანილი უნდა იყოს 8 ერის ტურნირისკენ, სადაც საქართველოს ნაკრები და მსოფლიოს უძლიერესი 7 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ქართული რაგბის ისტორიაში. სამწუხაროდ შიდა წინააღმდეგობების გამო ჩვენს მთავარ ამოცანას და მიზანს მოწყვეტილები ვართ და გვიწევს იმ კლანისგან შიშველი ხელებით თავის დაცვა, რომელიც წესით რაგბის განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს და არა საკუთარ კეთილდღეობაზე“, - წერს რამაზ ხარაზიშვილი.

ინფორმაციისთვის, „შვიდკაცა“ ნაკრების ყოფილი კაპიტნის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავა.

მას ბრალი სსკ-ის 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სსკ-ის 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით ედება.