მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

გამოცდების რეგისტრაცია

დღეიდან, 6 ივლისიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება რეკომენდირებულია, შესაბამისად, აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე უნდა გამოცხადნენ პირბადით, რომელიც უნდა ატარონ კომისიის წევრებთან, ზედამხედველებთან კონტაქტის დროს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის სამუშაო მაგიდასთან დასხდებიან, თავიანთი ნება-სურვილით შეუძლიათ მოიხსნან პირბადე, რადგან მაგიდებს შორის დისტანცია დაცული იქნება, ასევე, მაგიდებთან განთავსდება დეზობარიერი. მას შემდეგ, რაც აბიტურიენტი წერას დაასრულებს, მან პირბადე უნდა გაიკეთოს და ამის შემდეგ ჩააბაროს ნაშრომი.

რაც შეეხება კონდიცირების საკითხს, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე არის იმის მტკიცებულებები, რომ თუ ოთახში ფანჯრები ღიაა და კონდიციონერი ჩართულია, ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმალურია.

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აბიტურიენტებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ შექმნილი ვითარება მათ ცოდნის გამომჟღავნებაში ხელს არ შეუშლის.

„ცნობილი მიზეზების გამო წელს უჩვეულო გარემოში გვიწევს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება, თუმცა დარწმუნებული ვართ, ამ გამოწვევის მიუხედავად, აბიტურიენტები მაქსიმალურად შეძლებენ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენას",- აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 ივლისამდე გაგრძელდება.