მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო

 მულტიფუნქციური ცენტის მშენებლობის დაწყება

საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცენტრის 9 000 კვ.მ ტერიტორიაზე აშენდება და 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება. მშენებლობის დაწყების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო.

„დღეს დიდ დიღომში ახალი პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი. ეს არის მულტიფუნქციური კომპლექსი და ძალიან მიხარია, რომ მსგავსი პროექტი ხორციელდება. ანალოგიური სამუშაო სამგორის რაიონში, კონკრეტულად ვარკეთილშიც დავიწყეთ. ეს არის ადგილი, სადაც თავმოყრილი იქნება საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები, საჭიდაო და სატრენაჟორო დარბაზები, მედიათეკა, დახურული საცურაო აუზები, კაფე-ბარები. აქ იქნება ერთი კონკრეტული ადგილი, სადაც თავმოყრილი იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობა და მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, დაისვენონ და ივარჯიშონ. ასევე, მნიშვნელოვანია ადგილმდებარეობა იმ თვალსაზრისით, რომ ირგვლივ ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ამ პროექტის გარდა, აქვე ახლოს ფეხბურთის ფედერაცია სპორტული საფეხბურთო სკოლის პროექტს, ხოლო საბურთალოს გამგეობა კი სკვერის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ეს იქნება ძალიან დიდი სივრცე ყველა ინფრასტრუქტურული შესაძლებლობით, რომელიც კეთილმოეწყობა და მოსვლის შესაძლებლობა ბევრ ადამიანს ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიდი დიღმის მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება: ტანვარჯიშის, ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის დარბაზები; სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობის, კარატეს სექციები, მათ შორის, მოეწყობა კრივის რინგი; ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს- დარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი და კაფე.

ობიექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

ვარკეთილის მულტიფუნქციური ცენტრის მსგავსად, დიდი დიღმის ცენტრი სპორტული ინვენტარის მაღაზიას, მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკას, საკონფერენციო დარბაზს, სახელოვნებო სკოლას, ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცეს, ასევე, მიწისქვეშა პარკინგს მოიცავს. მსგავსი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ვარკეთილში უკვე დაიწყო.

საქართველოში მსგავსი ტიპის სპორტული ცენტრები ამ დრომდე არ არსებობდა.