მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: კვირის ბოლოს დამატებით 77 000 ვაქცინა გვექნება

NCDC-ის დირექტორი

დღეს, 22 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა. არსებულ ეპიდვითარებასა და გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში ინფიცირებულთა ზრდას უნდა ველოდოთ და ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება.

„კოვიდთან ერთად სულ მცირე წელიწადნახევარი მოგვიწევს ცხოვრება და პირბადეზე უკეთესი დამცველობითი მეთოდი ამ ეტაპზე არ არსებობს.

არის პროგრესი ვაქცინებთან და წამლებთან მიმართებით, მაგრამ ჯერ არც ერთი არ არის დამტკიცებული“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.

ასევე მისი თქმით, ჯერჯერობით ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა და სავარაუდოდ ნოემბრის შუა რიცხვებიდან გვექნება შემთხვევები.

„დღეისთვის აცრილია მხოლოდ 5 ათასი ადამიანი. ვიცი, რომ გრიპის ვაქცინაზე მოთხოვნილება დიდია ამიტომ მინდა გითხრათ, რომ თვითმფრინავის რეისის დადასტურება უკვე გვაქვს და კვირას დამატებით 4 კომპონენტიანი 77 000 ვაქცინის დოზა ჩამოვა.

ვაქცინა ორშაბათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილდება და დაიწყება დიდი რისკ ჯგუფების აცრა, ესენი არიან 65 წელს ზემოთ ხანდაზმულები, ვისაც აქვს გულის და ფილტვების ქრონიკული დაავადებები და ა.შ.“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ხელმძღვანელის თქმით, თვის ბოლოს, ნოემბრის პირველიდან 4 რიცხვის ჩათვლით შემოვა კიდევ 110 000 დამატებითი დოზა, ხოლო ნოემბრის შუა რიცხვებში 23 000.

„კერძო სექტორს ექნება დამატებით 40 000 დოზა ვაქცინა“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.

მისი განცხადების მიხედვით, ოქტომბერი და ნოემბერი გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაციის აქტიური პერიოდი იქნება და აცრა შეიძლება მთელი სეზონის განმავლობაში, რადგან დაგვიანებული არასდროს არ არის.